მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეცეპტი, რომელიც ყველა ბიზნესს გამოადგება, არ არსებობს" - როგორ უნდა დააზღვიოს სავალუტო რისკი ბიზნესმა?

5f707f25e5742
სალომე მეცხვარიშვილი
27.09.20 16:20
1356
16 აგვისტოს ეროვნული ვალუტის კურსზე საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ თქვა, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს და წესით, ეს ბიზნესმა უნდა იცოდეს, შესაბამისად, გადაიზღვიოს თავი. ასე უპასუხა მან კერძო სექტორის მზარდ უკმაყოფილებას ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით.

“ნებისმიერი ბიზნესი საქმეს უნდა წარმართავდეს ისე, რომ მან გაითვალისწინოს კურსის ცვალებადობა მის საქმიანობაში და უნდა ეცადოს, რომ ამ რისკების მინიმიზაცია გააკეთოს.

ჩვენ ფინანსურ განათლებას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ და გვაქვს მოდული, სადაც ბიზნესმენებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ვახორციელებთ და ესეც შეიძლება იქნეს გამოყენებული, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ზოგადად, ეს არის კომპანიის ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები და როდესაც მენეჯმენტს და ბიზნესს სწავლობენ, ეს პრინციპები პირველ კურსზე უკვე შესწავლილი უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, რომელიც ბიზნესით არის დაკავებული. ასე იქცევა მსოფლიოში ყველა კომპანია და კურსის ცვალებადობა არ წარმოადგენს პრობლემას ბევრ იმ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ვალუტის მერყეობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს საქართველოშია“, - განაცხადა კობა გვენატაძემ.

რა ბერკეტები არსებობს დღეს საქართველოში იმისთვის, რომ მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ბიზნესმა შეძლოს თავის გადაზღვევა და თუ ეს ინსტრუმენტები უფრო მომგებიანია, რატომ არ სარგებლობს ამ ინსტრუმენტებით ბიზნესი? - ამ კითხვებით "Forbes კვირამ" ეროვნულ ბანკს მიმართა. ჩვენს შეკითხვებს სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა უპასუხა:

- ერთიანი რეცეპტი, რომელიც ყველა ბიზნესს გამოადგება, არ არსებობს, რადგან ყველა ბიზნესსაქმიანობა და ბიზნესმოდელი არის განსხვავებული. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები არის უფრო ფინანსური მენეჯერების პრეროგატივა - მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ დაგეგმონ საკუთარი ბიზნესი.

მაგრამ არსებობს ერთი პრინციპი - ბიზნესში შემოსავლებისა და ხარჯების სავალუტო კომპოზიცია უნდა იყოს მსგავსი. დაახლოებით ის, რასაც აკეთებენ კომერციული ბანკები, რომლებიც არიან ერთ-ერთი მსხვილი აქტივების და მფლობელები ქვეყანაში. მათზე პირდაპირი გავლენა უცხოური ვალუტის კურსს არ აქვს, რადგან მათი შემოსავლები და ხარჯები, აქტივები და ვალდებულებები, არის ერთსა და იმავე ვალუტაში, რასაც ფინანსურ ენაზე ჰქვია ღია სავალუტო პოზიცია.

მინდა გითხრათ, რომ ბიზნესების უმეტესობა ასეც იქცევა. ჩვენ გვაქვს შეხვედრები ბიზნესთან, ბოლო პერიოდში ონლაინ, მაგრამ მანამდე უფრო აქტიურად გვქონდა. საკმაოდ განათლებულია ჩვენი ბიზნესი, ისინი იცნობენ ამ ტექნიკას და იყენებენ კიდეც.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში ბიზნესს შემოსავლები და ხარჯები ერთ ვალუტაში ჰქონდეს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მოხმარებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია და მათი შესყიდვა კერძო სექტორს უცხოურ ვალუტაში უწევს?

- პირველი ინსტრუმენტი, რაც ბიზნესს გააჩნია არის - გადაწყვიტოს, რა ვალუტაში აიღოს სესხი. იმპორტიორმა, ბუნებრივია, სესხი უნდა აიღოს ეროვნული ვალუტით, რადგან იმპორტს ახორციელებს 1-2 თვის განმავლობაში და შემდეგ გაყიდვები არის დროში გაწელილი და 6 თვე ან 1 წელი. ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა, რომ იმპორტიორმა ეროვნული ვალუტით ისესხოს, ექსპორტიორმა კი იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც ახორციელებს ექსპორტს, თუარადა იქაც უმჯობესია, ეროვნული ვალუტით სესხის აღება.

ამაზე შეიძლება გვითხრან, რომ ეროვნული ვალუტით სესხი არის უფრო ძვირი. ეს ასეც არის. თუმცა, ეს არის სწორედ რისკების დაზღვევის ფასი. ამიტომ ბიზნესმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის ნაკლებად ხარჯიანი. უმჯობესია სავალუტო რისკებისგან თავის დაზღვევა და ამაში თანხის გადახდა. როგორც გითხარით, ამის პირველი ინსტრუმენტია სესხი.

არსებობს ასევე ფორვარდული გარიგებები(ფორვარდი იძლევა შესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვრული კურსით, დღეს დაიდოს სავალუტო გარიგება ხოლო შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდეს მომავალში)- მათი ფასი ნორმალურ სიტუაციაში არის წლიური 6%. რა თქმა უნდა, როცა კურსის მაღალი მერყეობაა, ამ შემთხვევაში ფასიც იზრდება. მაგრამ ზოგადად ბიზნესი თავისი საქმიანობის მართვას უნდა ახდენდეს ნორმალურ სიტუაციაში და არა მხოლოდ კურსის მერყეობის დროს.

- თქვენ ახსენეთ, რომ ფორვარდული გარიგების ფასი შესაძლოა იყოს 6% სტაბილურ სიტუაციაში, რა არის მისი ფასი ახლა, როცა კურსი მერყეობს?

- როგორც ვთქვით, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ნიშნავს, რომ კურსის პროგნოზირება მოკლევადიან პერიოდში არის შეუძლებელი, მაგრამ ფორვარდული გარიგება განსხვავდება სავალუტო გარიგებისგან. როცა გაურკვევლობა ბაზარზე იზრდება, შესაბამისად, ფასი იზრდება. საშუალო ფასი არის 6%, თუმცა, ახლა შეიძლება იყოს 8%-იც.

თუ ბიზნესი ეცდება თავისი რისკები დააზღვიოს მაშინ, როცა არის მაღალი მერყეობა, ეს რათქმაუნდა მისთვის უფრო ხარჯიანი იქნება. მაგრამ ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი, ყოველდღიური ბიზნესსაქმიანობა.

ზოგადად, როგორც ხედავთ, ფორვარდული გარიგებების ფასი დაახლოებით ის ფასია, რაც არის სხვაობა ლარისა და უცხოური ვალუტის სესხებს შორის.

- თუ ეს ყველაფერი იცის ბიზნესმა, რატომ არ უღირთ, ან რატომ არ იყენებენ ამ ინსტრუმენტებს? ფაქტია, რომ კერძო სექტორი საკუთარი ბიზნესის საუკეთესო ინტერესებიდან გამოვა და არ დაიხევს უკან ფორვარდულ გარიგებების დადებისას...

- ბევრი ბიზნესი ამას აკეთებს, მათ შორის რეგიონებშიც, რაც ძალიან მისასალმებელია. არიან ბიზნესის წარმომადგენლები, ჩვენ მათ პრესიდანაც ვხედავთ, რომლებიც ამბობენ, რომ კურსის გარკვეული ცვლილება მათი ბიზნესისთვის დამღუპველია. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი ამას არ აკეთებენ.

გარდა ამისა, არის ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენს ბაზარს მოყვება, მაგალითად, უძრავი ქონების ფასის უცხოური ვალუტით დენომინაცია, რადგან ერთ-ერთი ხარჯი ბიზნესისთვის არის სწორედ ქირა. მეტ-ნაკლებად ეს პრობლემა მცირდება, თუმცა, ფაქტია, ართულებს ზოგად სიტუაციას.

ფორვარდული გარიგებების რიცხვი დღეს მცირეა. ამასთან, ზოგ შემთხვევაში ფორვარდულ გარიგებები სპეციფიციკურ ცოდნასაც მოითხოვს. ჩვენ ვატარებთხოლმე ტრენინგებს, მაგრამ ეს ძირითადად ფინანსური ბაზრის სექტორისთვის არის. თუმცა, უნდა ვთქვათ, ეს ცოდნაც მათგან გადის და ვრცელდება.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც განხილვების დროს ვხედავთ ხოლმე, არის როდესაც კონკრეტული სექტორის მოთამაშეები ყველა ერთნაირად იქცევა, ცალკეულ მოთამაშეს შეიძლება არ უღირს, შეიძლება რისკავს და წყვეტს, რომ არ დააზღვიოს ბიზნესი, იმ იმედით, რომ ჩაერევა ეროვნული ბანკი, მთავრობა და კურსს გადაიზღვევს. ეს ზოგ შემთხვევაში სწორი სტრატეგიაა, ზოგ შემთხვევაში არასწორი.

- ბატონო არჩილ თქვენ რომ დღეს იყოთ მაგალითად, პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორი, როგორ მოიქცეოდით?

პანდემიის გამო ქვეყანას შეუმცირდა შემოსავალი, ასეთ დროს პირველ რიგში ხდება იმპორტის შემცირება. ანუ იმპორტიორს განხსვავებით სხვა სექტორებისგან უფრო მეტად ეხება ეკონომიკური პრობლემები. მაგრამ ზოგადად იმპორტიორმა პირველ რიგში ყოველთვის უნდა მიაქციოს ყურადღება სავალუტო რისკების დაზღვევას. ეს არ ნიშნავს, რომ იმპორტიორმა იგივე ფასად უნდა გაყიდოს პროდუქცია, რაც სხვა კურსის პირობებში ჰქონდა. რათქმაუნდა, მისი პროდუქციის ფასიც იცვლება, მაგრამ ფასის ცვილებაში ისიც შეზღუდულია. თუ მას ჰყავს ადგილოვრივი კონკურენტი და იმპორტიორს უძვირდება პროდუქცია, მისი გაყიდვები შემცირდება. შესაბამისად, ესეც უნდა გათავალოს და შეიძლება ნაკლების იმპორტი მოახდინოს.

თუმცა, კიდევ ერთხელ, მზა რეცეპტი, რომელიც ყველა იმპორტიორზე და ბიზნესზე გავრელდება, არ არსებობს. კონკრეტულმა იმპორტიორმა თავისი ბიზნესის შესაბამისად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.