მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რედკო": 2 თვის ამოგლეჯით, გუდაურში ზამთრის სეზონი მთლიანად იკარგება

5fd763cb27795
ვიქტორია მღებრიშვილი
14.12.20 23:00
1769
დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ხელმძღვანელის მალხაზ კუნელაურის განცხადებით, გუდაურში აპარტამენტების დაჯავშნაზე მოთხოვნა არ და ვერ იქნება, რადგან ბაკურიანისგან განსხვავებით, გუდაური სრულად სათხილამურო კურორტია და დამსვენებლები იქ აქტიური დასვენებისთვის ჩადიან. ამის შესახებ მან BM.GE-ის განუცხადა.

მისი თქმით, კურორტის ასე მარტივად გაჩერება მართებული არ არის, რადგან საბაგიროების უმოქმედობის შემთხვევაში, იქ არსებული ყველანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა ჩერდება.

„გუდაური სპეციფიკური კურორტია. იქ არ შეიძლება, როგორც ბაკურიანში ისე წახვიდე და დაისვენო. აქტიური დასვენების სეზონი უკავშირდება სასრიალო ტრასების და საბაგიროების მუშაობას, თუ ისინი დაკეტილია, მაშინ გუდაურში ტურისტულ აქტივობაზე ვისაუბროთ, შეუძლებელია. ეს გამორიცხულია. გუდაურში ჩადიან, რომ ისრიალონ. საბაგიროების მუშაობის გარეშე ვერც სასტუმრო, ვერც აპარტამენტი და ვერც სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, რაც შეიძლება ტურიზმისთვის გავთვალოთ, ვერ იმუშავებს.

ზამთრის სეზონიდან თუ დეკემბერ-იანვარს ამოგლეჯ, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები წლევანდელი სეზონისთვის არ და ვერ დაიგეგმებიან, რადგან აპარტამენტების გაქირავება ასე არ ხდება, ჯავშნების გაკეთებაა საჭირო... მიუხედავად იმისა, რომ უცხოელები ვერ ჩამოდიან, ადგილზე ვინც არიან, ისინი თვეებით ადრე გეგმავენ სად დაისვენონ; როდესაც პირდაპირ დამდგარ ზამთრის სეზონზე 2 თვეს ამოგლეჯ, ჩათვალეთ, რომ ზამთრის სეზონი მთლიანად დაკარგულია... თან ჯერ ისიც არ ვიცით, 2 თვის შემდეგ რა იქნება“, - აცხადებს მალხაზ კუნელაური.

მისი თქმით, "რედკოს" ახალი გუდაურის საცხოვრებელი კომპლექსის შენახვა კომპანიას 2.5-დან 3 მლნ ლარამდე დაუჯდება, რადგან მკაცრ კლიმატურ პირობებში იქ არსებული „გაჩერებული“ ინფრასტრუქტურა გათბობის და სხვა სისტემების გამორთვის შემთხვევაში, დაზიანდება.

„კურორტის ასე მარტივად გათიშვა ვერ ხერხდება. შენობები, სადაც აპარტამენტებია განთავსებული, აღჭურვილია ცენტრალიზებული მომსახურების სერვისებით. ინდივიდუალურად ამის გამორთვა ვერ ხერხდება და არც შეიძლება იქ არსებული მკაცრი კლიმატური პირობების გამო. ამიტომ ჩართული უნდა იყოს გათბობაც და ცხელი წყალიც. ეს არის ყველაზე დიდი ხარჯი, რომლის გადახდა კომპანიას უწევს და შემდგომ, წლის განმავლობაში, კომპანიას უხდიან ხოლმე აპარტამენტების მესაკუთრეები.  წლიურად ეს თანხა ერთ ინდივივიდუალურ აპარტამენტზე, დაახლოებით, 950 დოლარს შეადგენს. ამის გადახდის ადმინისტრირებას ახდენენ მესაკუთრეები აპარტამენტების გაქირავებიდან. თუ ვერ აქირავებენ, ამ თანხის გადახდა საკუთარი ჯიბიდან უწევთ, რაც დღეისთვის მოქალაქეებისთვის ძალიან რთული შესასრულებელია, ამიტომ ამ ხარჯების გაწევა დღეისთვის უწევს კომპანიას, რომლის რესურსი არ გვაქვს. კომუნალური გადასახადების ნაწილში ხარჯი ზამთრის განმავლობაში - დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე 2.5-დან 3 მლნ ლარამდეა“, - განაცხადა „რედკოს“ ხელმძრღვანელმა.