მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიკოთის უღელტეხილის მშენებლობით ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ"

5f685db84036a
ინგა მურუსიძე
21.09.20 12:00
972
"რიკოთის უღელტეხილის მშენებლობით ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა და თქვა, რომ შთამბეჭდავი სამუშაოები მიმდინარეობს.

„რაც დღეს აქ ხდება და რასაც ყოველდღე ვუყურებთ, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში ვმოძრაობთ, მართლაც შთამბეჭდავია. ამ რეგიონში არსად, მსგავსი სირთულის საინჟინრო ნაგებობები არასდროს აშენებულა. რასაც დღეს აქ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, უაღრესად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, პანდემიისა, ამ მშენებლობაზე, სამუშაოები არცერთი დღით არ შეჩერებულა. ჩვენ ამით ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, რომ რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ. ეს იქნება მობილობის უმაღლესი დონე, რომელიც პირდაპირ იმოქმედებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ხარაგაულში, გზაზე არსებული მცირე ბიზნესები  შეინარჩუნონ.

„მათი შენარჩუნებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ და ეს ყველაფერი, უფრო უკეთესი ფორმით იქნება გაკეთებული. როდესაც ეს გზა დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც აქ უამრავი ადგილობრივია დასაქმებული, ის უნდა გახდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაქმების სტიმულირების ახალი, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“, - თქვა გახარიამ.