მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რითეილ ასოციაცია" ნაცვლიშვილის ინიციატივაზე: ნებისმიერი რეგულაცია ფასის ზრდას იწვევს

5f5a086cd0d36
ლიკა გურაბანიძე
10.09.20 22:30
1210

“კანონპროექტი, რომელიც საქართველოში შეიქმნა საუბრობს იმაზე, რომ მან ადგილობრივი მეწარმეები არ უნდა დაიცვას, შესაძლოა მან მსხვილი იმპორტიორები და მეწარმეები დაიცვას. მომხმარებელი ნებისმიერი რეგულაციის შემოღებით გაძვირებულ ფასს მიიღებს. ვინაიდან, ნებისმიერი რეგულაცია დოგმაა და ფასის ზრდას იწვევს.” - ამის შესახებ სუპერმარკეტებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობის კანონით შესაძლო დარეგულირებაზე საუბრისას "რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ, მირანდა მანჯგალაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა. 

მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის საჭიროება ბაზარზე არ დგას.

“რითეილ ასოციაცია”, რომელშიც 13 მსხვილი სავაჭრო ქსელია გაერთიანებული, ზუსტად ამ მიზნით შეიქმნა, რომ გამჭვირვალეები ვიყოთ და ყველა სფეროსთან კომუნიკაცია ავაწყოთ. ჩვენ ასოციაციების დონეზე შეხვედრა გვქონდა და სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან პრობლემებზე ვისაუბრეთ, მათ შორის პროდუქციის მოწოდებასთან და ფასის ზრდის ცვლილებასთან დაკავშირებულზე.

ეს უნდა იყოს მესიჯი მთავრობისთვის, მოსახლეობისთვის და მომხმარებლისთვის, რომ ჩვენ მუშაობას კონსტრუქციულად ვაგრძელებთ. დისტრიბუტორთა და რითეილერთა ასოციაციებს ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია, რადგან ჩვენ მომწოდებლებს, როგორც გრძელვადიან პარტნიორებს, ისე განვიხილავთ.” - განმარტა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ.



მირანდა მანჯგალაძის თქმითვე, უმჯობესია ასოციაციებმა ინტერესთა სფერო გამონახონ, ვიდრე პრობლემებზე ისუბრონ.



“დაახლოებით ერთი წლის წინ კონკურენციის სააგენტოს მივმართეთ, როცა სააგენტომ ხელშეკრულების დონეზე ჩვენ შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი შეისწავლა.



სახელმწიფო ორგანომ და ნეიტრალურმა მხარემ, რომლის მიზანია კონკურენციის პრინციპები დაიცვას ბაზარზე, დასკვნა დადო, რომ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ გამოვლინდა და მე-7 მუხლის თანახმად, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება არ არსებობს.



დასკვნა, რომელიც მე-6 და მე-7 მუხლს არ ეწინააღმდეგება, წინააღმდეგობაშია ბექა ნაცვლიშვილის ინიცირებულ კანონპროექტთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი საჭირო არ არის. კანონპროექტს ევროდირექტივის შტრიხები აქვს, რაც ადგილობრივი ფერმერების დაცვას გულისხმობს. მაგრამ ის ჩვენ შემთხვევაში არასწორად არის გადმოტანილი.” - აღნიშნა მანჯგალაძემ.



ცნობისთვის: ბიზნესის პრობლემა შესაძლოა კანონმა დაარეგულიროს. საუბარია სუპერმარკეტების და დისტრიბუტორების ურთიერთობაზე, რომელთან დაკავშირებითაც ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა.