მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და მშპ 80 მილიარდს აღწევს, ოპონენტებისგან კრიტიკას ვერ მივიღებთ"

633f117fbf24b
BM.GE
06.10.22 21:55
694
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ჯანდაცვის სისტემის მიმართ პოლიტიკური ოპონენტების მიერ გამოთქმულ განცხადებებს გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ლომინაძემ თქვა, რომ როდესაც ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და მშპ 80 მილიარდს აღწევს, ოპონენტებისგან კრიტიკას ვერ მიიღებენ.

„მინდა გამოვეხმაურო ჩემს კოლეგებს, რომლებიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას შეეხნენ და აღნიშნეს, რომ თურმე ამ კუთხით ქვეყანაში სასიკეთო არაფერი ხდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა წარმოადგენს. როგორ შეიძლება არ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ 6.8 მილიარდი ლარია 2023 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი. საპენსიო დანამატები იზრდება ყველა ასაკობრივი პენსიონერის მიმართ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წელს ზემოთ მყოფი ჩვენი მოსახლეობა 440 ლარს აიღებს. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ 150 ლარამდე გაიზარდა უმწეო ბავშვთა დახმარება, გაიზარდა შშმ პირთა დახმარება და 340 ლარზე ავიდა. ითქვა, რომ ზოგ დაავადებებს ვერ მკურნალობენ რეგიონებშიო, - მკურნალობენ და თან ძალიან კარგად.

როგორც ჩანს ჩემი კოლეგა ვერ ხედავს რა სიხშირით მოძრაობენ ჩვენი 112-ის და კატასტროფის ბრიგადის მანქანები და რა შრომა უწევთ ჩვენს მედიკოსებს იმისათვის, რომ ყველა პაციენტს დროული დახმარება გაუწიონ. როგორ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ექიმებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს წინა წელს თითქმის გაუორმაგდათ ხელფასი და ხელფასის მატება იგეგმება მომავალი წლისთვისაც. როგორ არ აღვნიშნოთ, რომ ისეთი იშვიათი დაავადებების დაფინანსება, როგორიც გაფანტული სკლეროზი და სპინალური ატროფიაა, პირველად ხდება ბოლო წლების განმავლობაში. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მედიკამენტებზე ფასის კლება. თურქეთის ბაზრის გახსნამ ჩვენს პენსიონერებს საშუალება მისცა, რომ დაეზოგათ გადასახადები. 2023 წელს ვგეგმავთ კიდევ გაიზარდოს ბიუჯეტი ამ მიმართულებით და მაქსიმალურად გაიზარდოს იმ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ნუსხა, რომელიც წელს კიდევ ვერ ფინანსდებოდა“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.