მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა საქმე მევენახეობისა და მეღვინეობის მსგავს სტრატეგიულ დარგებს ეხება, სახელმწიფოს მხარდაჭერა საჭიროა"

633c53d869168
მარიამ იზორია
05.10.22 20:35
746
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის მონაცემებით კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი (222 000 ტონა) უკვე გადამუშავებულია.

კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 19 000-მდე მევენახემ ჩააბარა და მათი შემოსავალი ₾216 მილიონს აღწევს.

გადამუშავებული ყურძნიდან 127 ათასამდე ტონა რქაწითელია, 82 ათასამდე ტონა საფერავი,დაახლოებით 6 ათასამდე ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ “თელავის ღვინის მარანმა” მოსავლის აღების პროცესი უკვე დაასრულა. როგორც ღვინის კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა გვითხრა წელს რთველი ნაადრევად დაიწყო და ამის მიზეზი გვალვები იყო. “თელავის ღვინის მარანს” ამ დროისთვის ჯამში 4200 ტონა ყურძენი აქვს.

“2022 წლის რთველი გვალვების გამო ადრე დაიწყო. შესაბამისად, კომპანიამ რთველი ჩვეულ დროზე სამი კვირით ადრე დაასრულა. გვალვამ ყურძნის ხარისხზე სერიოზული გავლენა მოახდინა, თუმცა ნაკვეთები, რომლებიც მოირწყა შენარჩუნდა და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გასულ წლებთან შედარებით უკეთესიც იყო.
რაც შეეხება გეგმებს, წლევანდელი წარმოება 5 მლნ 5 ათასი ბოთლი იქნება. მაგრამ პერსპექტივების დაგეგმვა რთულია, პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სკეპტიკურად ვართ განწყობილი” - აღნიშნავს “თელავის ღვინის მარნის” დამფუძნებელი.

ზურაბ რამაზაშვილი რთველის სახელმწიფო სუბსიდირებასაც აფასებს. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ისეთ სტრატეგიულ დარგს, როგორიც მეღვინეობაა სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდება.

“განყენებულად ნებისმიერი სუბსიდირება ბაზრისთვის სასარგებლო არ არის, ეს საბოლოოდ პროდუქციის ხარისხზე აისახება, არღვევს კონკურენციის კანონს. ეს ცუდია. მაგრამ როცა საქმე ისეთ სტრატეგიულ დარგს ეხება, როგორიც საქართველოსთვის მევენახეობა და მეღვინეობაა მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან მიზანშეწონილია.
ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ მხარდაჭერის ფორმებზე. თუმცა რაღაც სახის მხარდაჭერა საჭიროა” - ამბობს იგი.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე წელს სახელმწიფო სუბსიდირება ამ მონაცემებით 90 მილიონ ლარამდეა.