07.მარტი .2020 14:00

"როდესაც ინფექციის გადატანა ხდება ქვეყანაში მოსახლიდან მოსახლეზე, ეპიდესიტუაცია რთულდება"

views 810
უკან

როდესაც ინფექციის გადატანა ხდება უკვე ქვეყანაში მოსახლიდან მოსახლეზე, ეპიდესიტუაცია რთულდება, თუმცა, ესეც არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები იქნებიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებლები და გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა, ბევრად უფრო გამარტივდება ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის ინფექციის გადადების მართვა.

„მაქვს ძალიან დიდი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ ეჭვი, რომ ჰქონდათ ინფიცირებულ პერსონასთან ურთიერთობა, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან. დარეკონ იმ ცხელ ხაზზე, რომელიც მოწოდებული არის - ერთი ცხელი ხაზი არის ჯანდაცვის სამინისტროში, მეორე ცხელი ხაზი არის დაავადებათა კონტროლის ცენტრში. შეგვატყობინონ, ჩვენი სპეციალისტები მივლენ ადგილზე, შეავსებენ კითხვარს, რის შედეგადაც ჩვენ გვექნება ინფორმაცია სარისკო ფაქტის შესახებ და ჩვენ შეგვეძლება დავგეგმოთ შემდგომი პრევენციული ღონისძიებები და ასევე შემდგომი ნაბიჯები მათი უსაფრთხოებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა კარგად ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენ შევძლებთ ერთობლივად გავუკლავდეთ ამ პრობლემას, ვინაიდან კორონავირუსთან ბრძოლა არ არის ერთი უწყების პრობლემა. ეს არის გლობალური პრობლემა. შესაბამისად, მთელი მსოფლიო ერთობლივად არის მობილიზებული, რომ დაძლიოს ეს პრობლემები, აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ ჩვენთან. თუ ისინი ამას გააკეთებენ, გავრცელება, რა თქმა უნდა, შემცირდება და იქნება მეტად უფრო კონტროლირებადი. იმ შემთხვევაში თუ ისინი მაღალ პასუხისმგებლობას არ გამოიჩენენ, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ბევრად უფრო გართულდება ინფექციის მართვა. მაგრამ ამ ეტაპისთვის მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში შიდა ინფექციის მატარებელ ადამიანებთან და შესაბამასად დღეს მოწმდება ის 70 ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, 10 დაინფიცირებული პაციენტი ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, ხოლო დანარჩენი 2 სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე საავადმყოფო მობილიზებული, ეს არის თბილისის ინფექციური ცენტრალური საავადმყოფო, ასევე ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფო, ასევე გვაქვს მობილიზებული საკარანტინე ადგილები და დაყოვნების პალატები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე მზად არის გორის სამხედრო ჰოსპიტალი და საჩხერის საავადმყოფო. თუ სად ინება პაციენტი აღმოჩნენილი, იმის მიხედვით მოხდება მისი გადაყვანა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელიც იყო დაინფიცირებული და ჰქონდა კონტაქტი სხვა პირებთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მთავრობა იმსჯელებს, - „თუმცა, მინდა განვმარტო რომ ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს, ისეთს რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, პრევენციას და შემდგომ უკვე გამოვლენილი კლინიკური ნიშნების მართვას. დანარჩენ თემებზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს ერთად“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა