06.აგვისტო .2020 13:23

"რომ არ გვქონოდა stopcov ფონდი, ბავშვებს ასეთი რაოდენობით ვერ დავეხმარებოდით"

views 514
უკან

პირველ რიგში, მთავრობის პასუხისმგებლობაა დაეხმაროს მოქალაქეებს, საქართველოს ოჯახებს იმისთვის, რომ სოციალურად, შედარებით შევინარჩუნოთ ის მინიმუმი, რომელსაც ეს ოჯახები მიჩვეულები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის დროს, ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ბავშვები არიან.


„ამიტომ, მიზნობრივად უფრო სწორი ჯგუფის ამორჩევა იყო შეუძლებელი. რა გგონიათ, ეს ერთ დღეში გადავწყვიტეთ? ან მარტო ჩვენ? ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხანგრძლივი დისკუსიების შემდგომ და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმ მწირე რესურსის გათვლით, სამართლიანი და გონივრული გადანაწილების გზით მივედით იქ, სადაც მივედით. ჩვენ რომ არ გვქონოდა stopcov ფონდი, ამას ვერ გავაკეთებდით, ვერ დავეხმარებოდით ბავშვებს ასეთი რაოდენობით. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი ამოცანა რა არის, ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისის პირობებში მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ოჯახებს, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, იმისთვის, რომ პირველ რიგში, ბავშვებზე, ახალგაზრდებზე გათვლილი სოციალური დონე მოხმარების როგორმე შევინარჩუნოთ წლის ბოლომდე.

მერწმუნეთ, რომ თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს. ეს არის მხოლოდ მიზნობრივი სოციალური დახმარება მოქალაქეების და მე კიდევ ერთხელ მინდა ჩამოვთვალო და ლოგიკაც მინდა აგიხსნათ, იმიტომ, რომ ერთია, როდესაც ვსაუბრობთ სოციალური ჯგუფების მიზნობრივ დახმარებაზე, მაგალითად ტურიზმში დასაქმებულების, გიდების და ა.შ. არა, ეს დრო გავიდა, ახლა ჩვენ გვჭირდება ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება. ამიტომ ვამბობთ, რომ კომუნალური ხარჯები, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს ყველაზე მაღალი გადასახადები აქვთ, ეს არის ზამთრის თვეები - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. ის, რაც დავიწყეთ, უნდა გავაგრძელოთ. ეს ერთი, ამაში ხომ ახალი არაფერი არ არის. შემდგომი, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯები საქართველოს მოქალაქეების ოჯახების, რა თქმა უნდა, ბავშვებზე და ამიტომ, ყველა ბავშვს, 17-წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს.

ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაფინანსებაზე. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოწვეული მიზეზების გამო, ქართველმა სტუდენტებმა სწავლის პროცესი არ შეაჩერონ.

„გარდა ამისა, რა თქმა უნდა, განათლება უნდა გაგრძელდეს. სოციალურად ფაქტობრივად დაუცველი, 150 000 ქულამდე, საქართველოს მოქალაქეები, სტუდენტები, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფასურის გადახდის გამო აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი, რა თქმა უნდა, მათ უნდა მივეხმაროთ. 99 პროცენტ შემთხვევაში არის კრიზისის პირდაპირი ზემოქმედება, შედეგი. ამასთან ერთად, ყველა სტუდენტი, ასევე სოციალურად 150 000 ქულამდე, შემდგომი ერთი წლის განმავლობაში და ეს არის 2 250 ლარი ერთი წელი. ამ დახმარებას მიიღებს დაახლოებით 33 000 სტუდენტი“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა