მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რთულია ინვესტიციის ჩადება ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ანგელოზი ინვესტორები სტარტაპებს არ ენდობიან" - ფაჩულია

61c601bc8f34c
მარიამ ადამია
25.12.21 00:14
2851
“ის მენტალიტეტი, რომ საქართველოში ყველაფერი გვიან შემოდის, ან ის აზრი, რომ თუ აქ ცხოვრობ რთულია წარმატებას მიაღწიო, უნდა შეიცვალოს” - ამის შესახებ კალათბურთელმა და ბიზნეს-კონსულტანტმა, ზაზა ფაჩულიამ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა. მისი თქმით, როცა სხვა ქვეყნებთან შედარებით ფინანსურად ძლიერი ვერ ხარ, უფრო მეტი შრომა გჭირდება იმისათვის, რომ მსოფლიოს დაანახო და გააცნო თავი.

“10-ჯერ მეტი შრომა გჭირდება წარმატების მისაღწევად, ვიდრე მაგალითად მათ, ვინც "სილიკონ ველიში" მუშაობს, რადგან მათთვის გაცილებით მარტივია კომუნიკაცია, ინვესტორის მოძიება და კომპანიის შექმნა. თანაც ასეთი ტენდენციაა წამოსული, რომ დღევანდელ რეალობაში ინვესტორები არ არიან კონცენტრირებული რომელიმე ერთ ქვეყანაზე. არ ფიქრობენ, რომ ინვესტიცია ჩადონ მხოლოდ იმ სტარტაპებში, რომლებიც "სილიკონ ველიში" იქმნება, პირიქით დივერსიფიკაცია ხდება და ინვესტორები ხვდებიან რომ შემდეგი Amazon-ი, Facebook-ი და Google-ი შეიძლება სხვა ქვეყანაში იყოს დაბადებული და ეს ქვეყანა შეიძლება საქართველო იყოს,”- აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

მისივე თქმით ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ სახელმწიფოზე. ამბობს, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ მზად, სახელმწიფოც, ხალხიც, ადგილობრივი ინვესტორებიც, რომ შევქმნათ ისეთი ეკოსისტემა, რომელიც დააინტერესებს უცხოელებს, რომ ჩამოვიდნენ და ჩადონ ინვესტიცია ქვეყანაში.

“მე მქონია ურთიერთობა და შევხვედრილვარ ადამიანებს, რომლებიც გიჟდებიან საქართველოზე, ჩვენს კულტურაზე, კულინარიაზე, ხალხზე და ეს ადამიანები უნდა შევინარჩუნოთ. სწორედ მათი დაინტერესება და მოზიდვა ჩვენზეა დამოკიდებული, ის თუ რა მდგომარეობასაც ვახვედრებთ ქვეყანაში ინვესტორს ჩვენს ხელთაა და შეგვიძლია მისი გამოსწორება,” - აღნიშნა კალათბურთელმა.

ფაჩულიას თქმით, დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების, განათლებისა და ფინანსების ნაკლებობაა.

“ქვეყანაში ანგელოზი ინვესტორები არ აქტიურობენ, არ აფინანსებენ სტარტაპებს და უცხოელებისთვის რთულია ინვესტიციის ჩადება იმ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ანგელოზი ინვესტორები არ ენდობიან სტარტაპ კომპანიებს და ესეც ხელს უშლის განვითარებას,” - აღნიშნა ფაჩულიამ.

ინფორმაციისთვის, ზაზა ფაჩულიამ თბილისში, საკუთარ აკადემიაში, SHOOT 360-ის დარბაზი გახსნა, რომელიც თანამედროვე ინტერაქციულ ტექნოლოგიასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სწავლებას უზრუნველყოფს. ეს SHOOT 360-ის პირველი ფრენჩაიზია ევროპაში, რაც ქართველი კალათბურთელებისთვის განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობაა.