მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუმსი", "მგზავრები, "პანორამა" - სასტუმროები, რომელთაც ამჟამად წყალმომარაგების პრობლემა აქვთ

5e10d4b5b4922
შოთა ტყეშელაშვილი
04.01.20 22:02
2201
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში არსებული ვითარების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, მათმა ტექნიკოსებმა მარავალსაათიანი სამუშაოების შედეგად შეძლეს, რომ ბაკურიანის საკურორტო ზონის 70%-ისთვის 24-საათიანი წყალმომარაგება აღედგინათ. ორგანიზაცია საკუთარ განცხადებაში ასევე ასახელებს სასტუმროებს, რომელთათვისაც უწყვეტი წყალმომარაგების აღდგენა ამ დრომდე ვერ მოახერხეს. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადება:

"ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურ რეჟიმში მიეწოდება. ამ დროისთვის, საკურორტო ზონის 70 პროცენტი 24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი. 

წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს ,,რუმსს’’ ,,მგზავრებს’’ და ,,პანორამას’’, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს. კერძოდ, სასტუმრო ,,მგზავრების’’ რამდენიმე კორპუსის წყალმომარაგება სტაბილურია, ხოლო კორპუსების მეორე ნაწილსა და სასტუმრო ,,პანორამას’’ წყლის მიწოდება შეზღუდული აქვთ საღამოს საათებში. 

ბაკურიანში ბოლო დღეებში შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე იმყოფება კომპანიის მენეჯმენტი, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები იმისათვის, რომ მოხერხდეს წყლის დამატებითი მარაგის მოძიება პრობლემის აღმოსაფხვრელად. 
დღევანდელი სამუშაოების შედეგად, კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა წყლის მარაგის გაზრდის მიზნით, გარკვეულ მონაკვეთებზე ახალი მილი მოაწყო. პარალელურად, კომპანია ყველა იმ სასტუმროს, სადაც წყლის მიწოდება შეზღუდულია, ამარაგებს წყალმზიდების საშუალებით. პროცესში ჩართულია 112-ის მანქანები, რომელთა დახმარებით წყლის მიწოდება წყალმზიდებამდე წაღვერიდან და ბორჯომიდან ხორციელდბა. გარდა ამისა, სამაშველო მანქანები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ შემკრები რეზერვუარის შესავსებად. 

გამომდინარე იქედან, რომ ტურისტული ობიექტების განაშენიანება ყოველწლიურად საკმაოდ სწრაფად იზრდება და სეზონის ყველაზე აქტიურ პერიოდში წყლის მოხმარება საკმაოდ მაღალია, არსებული მარაგი საკმარისი არ არის. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წინასწარ ქონდა კომუნიკაცია სასტუმროებთან და მოახდინა ინფორმირება სეზონის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წყლის მიწოდების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ბაკურიანში ქსელის განვითარებისა და ახალი სისტემების მშენებლობის მეორე ეტაპის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონის აქტიურ პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებს,"- ნათქვამია განცხადებაში.