მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთიდან ფრენები მოთხოვნილია სამივე აეროპორტის მიმართულებით" - ლევან დავითაშვილი

646215f5f1879
ინგა მურუსიძე
15.05.23 15:23
906
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებთან დაკავშირებით, უკვე შესულია მოთხოვნა სამივე ქართულ აეროპორტთან - ბათუმის, ქუთაისის და თბილისის აეროპორტებთან მიმართებით.

ლევან დავითაშვილის თქმით, ფრენების ნებართვა მოთხოვნილია, როგორც ქართული ავიაკომპანიის, ისე რუსული ავიაკომპანიების მხრიდან.

„დღის განმავლობაში დავასრულებთ დოკუმენტაციის შესწავლას და სავარაუდოდ, ხვალისთვის იქნება გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, რადგან ქვეყანა ICAO-ს სტანდარტებით ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება ზოგადად, რუსეთის გადაწყვეტილების შეფასებას, ლევან დავითაშვილი საკითხზე ვრცელ პოზიციას აჟღერებს.

„ფრენების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება იყო ცალმხრივი, საქართველო ამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობდა. რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტა ფრენები 2019 წელს და ასევე, ცალმხრივად განაახლეს ფრენები საქართველოში. ფრენებზე უკვე მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის არის ქართულიც. ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა შიგნით, საავიაციო სააგენტოს ექსპერტებთან ერთად იმისთვის, რომ შეგვესწავლა თუ როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთში ფრენების კუთხით. ჩვენ ვეფუძნებით მსოფლიოს ყველაზე მკაცრ პრაქტიკას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც რუსეთთან ფრენები გააჩნია. გადაწყვეტილება ეფუძნება რამდენიმე კრიტერიუმს - არც სანქცირებული ბორტები, არც სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებული. ჩვენ გამოვრიცხავთ სანქცირებულ კომპანიებს, ისევე როგორც კონკრეტულ ხომალდებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოება, გადაადგილების უსაფრთხოება. ყველა იმ კომპანიას და ბორტს, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, საშუალებას მივცემთ განაახლონ ფრენები“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.

კიდევ ერთი კითხვა, რაც მინისტრს დაუსვეს, საზოგადოების პროტესტს შეეხებოდა. ლევან დავითაშვილი პროტესტის საპასუხოდ ამბობს, რომ საქმე ეხება რუსეთში მცხოვრები ასეულობით მილიონი ეთნიკურად ქართველის საკითხს, რომლებიც ოჯახებში ვერ ჩამოდიან.

„საზოგადოებაში განწყობები განსხვავებულია. აზრთა სხვადასხვაობაა, კონკრეტული ჯგუფების ღელვა გასაგებია, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლებელია პირიქით, საკმაოდ დიდ შეღავათს აძლევდეს განახლებული პირდაპირი ფრენები. ამას აქვს როგორც კომერციული, ისე სოციალური მნიშვნელობა ჩვენთვის, რადგან რუსეთში მცხოვრები ერთნიკურად ქართველები ვერ ახერხებდნენ ოჯახში ჩამოსვლას. აქ ვფიქრობ, ასეულობით ათასი ადამიანის და ოჯახის კეთილდღეობაზეა საუბარი“, - ამბობს მინისტრი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. აღნიშნული ემბარგო 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ იყო დაწესებული, რის გამოც, რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების (ძირითადად სომხეთის) გავლით ხორციელდებოდა.

ავიაემბარგოს გაუქმების გადაწყვეტილების თანახმად, პირდაპირი ფრენების ნებართვა 15 მაისიდან გაიცა.