მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთის ბაზარი არასტაბილურია, ჩანაცვლებაზე აქტიურად ვმუშაობთ“ - მოცვის მწარმოებელი

6403ab54b15e5
თინათინ ნატმელაძე
04.03.23 23:10
2089
ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია “Memoberry” საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობს, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა შალვა გიორგაძემ BM.GE-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ ამჟამად მათი ძირითადი პარტნიორი რუსეთია, თუმცა ამ ბაზრის არასტაბილურობიდან გამომდინარე მის ჩანაცვლებაზე აქტიურად მუშაობენ.

„ჩვენ სამეგრელოში 20 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციებს ვფლობთ და მიმდინარე წელს 50 ტონა მოსავლის მიღებას ველოდებით. ამჟამად გასაღების ძირითადი ბაზრები რუსეთი და სომხეთი არიან, თუმცა რუსეთში ომიდან გამომდინარე ძალიან არასტაბილური მდგომარეობაა, ხოლო სომხეთს არც ისეთი დიდი მოთხოვნა აქვს.

სწორედ იმ მიზნით, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მოვახდინოთ, ახლახანს Gulfood-ის საერთაშორისო გამოფენაზე ვიმყოფებოდით, სადაც გალფის ქვეყნებიდა და ევროპიდან პოტენციულ პარტნიორებს შევხვდით. საკმაოდ ბევრ კომპანიასთან დავამყარეთ კომუნიკაცია, მათ შორის არიან ინდოეთი, საუდის არაბეთი, კატარი და უნგრეთი. იმედი გვაქვს, რომ მათთან შეთანხმების მიღწევას მოვახერხებთ - ეს არის მიმდინარე წელს ჩვენი კომპანიის მთავარი გეგმა.“ - განაცხადა შალვა გიორგაძემ.

მისივე ცნობით, ქართულ მოცვს ყველანაირი წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებში წარმოებულ პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს.

კითხვაზე, რა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ საქართველოსთვის მთავარ გასაღების ბაზრად რუსეთი რჩება, კომპანიის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ იმ მთელი რიგი გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც ექსპორტს თან ახლავს, დამწყები კომპანიებისთვის რუსეთში პროდუქციის გატანა ბევრად მარტივია.

„ექსპორტის პროცესში მთავარი გამოწვევა ტრანსპორტირებაა, მოცვი მალფუჭებადი პროდუქტია, ჩვენ მას ნედლი სახით ვგზავნით, შესაბამისად აუცილებელია, რომ ტვირთი დანიშნულების ადგილზე დროულად ჩავიდეს - ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენი პროდუქციით ისეთი ქვეყნებიდან დაინეტესებულან, სადაც გაგზავნას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ.

მაგალითად, დაბრკოლება იქმნება გალფის და ევროპის ქვეყნებთან, რადგან აქ რეგულარული სატვირთო რეისები არ არსებობს, ჩარტერის დაქირავებ ძალიან ძვირი სიამოვნებაა, თან აქაც შეზღუდვა არსებობს - 20 ტონაზე ნაკლებს ვერ გზავნი, არადა მიმღებ კომპანიებს ამხელა რაოდენობა ერთად არასდროს უნდათ, მათ ერთ კვირის შუალედით მცირე რაოდენობები სჭირდებათ. აქედან გამომდინარე გამოსავალი სამგზავრო ფრენების გამოყნებაა, სადაც კიდევ დამატებით შეზღუდვებია და პროცესი ძალიან რთულდება.

ვფიქრობ, რომ სწორედ ეს დაბრკოლებებია იმის მიზეზი, რის გამოც ქართული კომპანიები საექსპორტოდ რუსეთს ირჩევენ - აქ გადაზიდვა სახმელეთო გზითაა შესაძლებელი და დამწყები ბიზნესი ცდილობს, რომ საცდელად ერთგვარ ტრამპლინად გამოიყენოს და შემდეგ უფრო ხარისხიან ბაზარზე გავიდეს.“ - განმარტავს მოცვის მწარმოებელი.

ინფორმაციისთვის, „Memoberry”-მ მოცვის პლანტაციები 2017 წელს გააშენა, თავდაპირველად 8 ჰექტარს ფლობდა, თუმცა შემდეგ პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გაფართოება მოახერხეს, ამჟამად კი მოსავლის აღების პროცესში 50-100 ადამიანს ასაქმებენ, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვეუბნება, მიმდინარე წელს ეს რაოდენობა გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოდან მოცვის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და 2022 წელს მოცვის, შტოშის და სხვა კენკრის რეალიზებით საქართველომ 8 მილიონ 519 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ქვეყნიდან 1 392 ტონა საქონელი გაიყიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მოცვი სულ 11 ქვეყანაში გაიყიდა, მთავარი სარეალიზაციო ბაზარი კი რუსეთი იყო, ექსპორტის 90% სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა.