მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთში საავტომობილო ქარხნები დაიხურა, ამიტომ მეორადი ავტომობილები საქართველოდან გაჰყავთ" - "გლობალ ავტოიმპორტი"

62e95637e7e59
ალა ისპირიანი
02.08.22 22:45
1706
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში სულ $269 მილიონის 29 ათასი ავტომობილი გავიდა. ამ მაჩვენებლით ავტო ექსპორტის სექტორმა პანდემიამდელ შედეგს თითქმის ორჯერ გადააჭარბა.

აღნიშნულ ზრდას "გლობალ ავტოიმპორტის" დამფუძნებელი ვანო ბიჩინაშვილი რუსეთის ბაზარზე ავტომობილების მოთხოვნის ზრდით ხსნის.

როგორც მან „საქმიან დილაში“ განაცხადა, მეორადი ავტომობილები სომხეთის გავლით საქართველოდან გაჰყავთ.

„წელს უკრაინის ბაზარი რუსეთის ბაზარმა ჩაანაცვლა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში საავტომობილო ქარხნები დაიხურა, ახალი ავტომობილები აღარ არის და მეორადი ავტომობილები სომხეთის გავლით საქართველოდან გაჰყავთ. ჩაჰყავთ სომხეთში და იქ სომხურ ნომრებზე ხდება ამ ავტომობილების გადაყვანა და შემდეგ რუსეთში გადაჰყავთ. ძირითადად რუსეთისთვის სომხებს, ყირგიზებს და ყაზახებს გაჰყავთ.

ამ ზრდის მთავარი ფაქტორი ის არის, რომ რუსეთში ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა. რადგან იქ ქარხნები აღარ მუშაობს, დაკეტილია და შესაბამისად მეორადი ავტომობილები სჭირდებათ”, - ამბობს იგი.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკის შემოსავალი რეექსპორტიდან წინა წელთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი. საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს აზერბაიჯანი, მეორეს უკრაინა, მეექვსეს კი რუსეთი იკავებს.

წელს საქართველოდან რუსეთში $14 მილიონის ღირებულების 1,254 ცალი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. წინა წელთან შედარებით რუსეთში ექსპორტით მიღებული შემოსავალი 72%-ით არის მომატებული.