მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავი 2" და "პრაიმტაიმი" ერთ ჰოლდინგად ჩამოყალიბდნენ - რა ხდება არხზე?

6051c8275dc61
ინგა მურუსიძე
17.03.21 13:53
1886
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და „პრაიმტაიმი“ ერთ ჰოლდინგად ჩამოყალიბდნენ. როგორც bm.ge-ს „რუსთავი 2“-ის დირექტორმა განუცხადა, მიზანი ეფექტიანობის გაზრდაა. პაატა სალია დარწმუნებულია, რომ რეორგანიზაცია ორივე კომპანიას ხელს შეუწყობს როგორც - ფინანსური პრობლემების მოგვარების, ისე სატელევიზო ბადის გამრავალფეროვნების თვალსაზრისით.

„ჩვენი მიზანია გაერთიანდეს გარკვეული პროცესები, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტიანი იყოს ორივე კომპანიის მართვა და „რუსთავი 2“-მა მაყურებელს მრავალფეროვანი პროდუქტი შესთავაზოს. არხზე უკვე დაწყებული გვაქვს რეორგანიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს მოკლე დროში მივაღწიოთ შედეგებს, გავზარდოთ რეიტინგი, დავამატოთ მეტი გასართობი თუ პოლიტიკური გადაცემა; ძალიან მალე „რუსთავი 2“-მა უნდა დაიბრუნოს პირველი ადგილი ქართულ მედიასივრცეში“, - განაცხადა პაატა სალიამ.

რაც შეეხება ტელეკომპანიის დაფინანსების კუთხით ამჟამად „რუსთავი 2“-ში არსებულ პრობლემებს, არხის დირექტორი ამბობს, რომ „ახლა მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად მოკლე დროში „რუსთავი 2“ კომერციულად მომგებიანი გახდეს და კერძო დამფინანსებელზე არ იყოს დამოკიდებული".

„ტელევიზია მფლობელის დახმარების გარეშე, თავისი შემოსავლებით უნდა ახერხებდეს საკუთარი საქმიანობის დაფინანსებას. ეს არის ჩვენი ამოცანა და ახლა მიღებული გადაწყვეტილებაც ამას ისახავს მიზნად. გვინდა, დავასრულოთ საქართველოში ის პრაქტიკა, როცა ტელევიზია დამოკიდებულია დაფინანსებაზე. განვლილ პერიოდში ხარჯების შევსება, რომელიც არხს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ხარჯზე იყო. „რუსთავი 2“-ის რეიტინგის შემცირებას ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა, მათ შორის იყო ზაფხულში არხის დროებითი გაჩერება; გარდა ამისა, შეიქმნა სხვა არხებიც, რომლებიც რეიტინგს ინაწილებენ. 2020-2021 წლებში ტელევიზიამ პირველობა უნდა დაიბრუნოს“, - ამბობს სალია.

ამასთან, მისივე თქმით, ჯერჯერობით, დაფინანსების კუთხით კვლავ საჭირო იქნება პარტნიორების მხარდაჭერა, თუმცა არის მცდელობა, რომ არხმა თავად მოიძიოს საჭირო თანხა.

„რაც შეეხება დაფინანსებას, ქიბარ ხალვაში კვლავ რჩება „რუსთავი 2“-ის პარტნიორად; „პრაიმტაიმსაც“ აქვს ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა და გვინდა, გაერთიანებული ძალებით ტელეკომპანია დავაყენოთ იმ რელსებზე, რომ დამოუკიდებლად შეძლოს არსებობა. წელს ვქმნით ბაზას იმისთვის, რომ არხმა მომავალ წელს დაიბრუნოს რეიტინგი და თავად ჰქონდეს ხარჯების დაფარვისთვის საკმარისი შემოსავალი“, - აღნიშნა ტელეკომპანიის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, არხზე უკვე დაბრუნდნენ გიორგი ხაბურძანია და დემნა ჯაფარიძე, რომლებიც „პროდაქშენის მიმართულებას გაუძღვებიან და ახალ გადაცემებს შექმნიან“. „არხზე დაბრუნდა ჟურნალისტი დავით ნიკურაძე, რომელიც ვაშინგტონის ბიუროდან იმუშავებს. ასევე გვაქვს საინტერესო მოლაპარაკებები და ამასაც მალე გაიგებთ“, - ამბობს პაატა სალია.

ტელეკომპანიის დირექტორი საკადრო ცვლილებებსაც აანონსებს, მაგრამ ირწმუნება, რომ „ცვლილებები ჟურნალისტებს ყველაზე ნაკლებად შეეხებათ“. „ეს არ იქნება არხიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა, თუმცა ადამიანური რესურსის ოპტიმიზაცია საჭიროა“, - დასძინა მან.