მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავი აზოტის“ 7 საწარმოში რემონტი მიმდინარეობს - პროცესს ეკონომიკის მინისტრი გაეცნო

617bfc689661f
ვიქტორია მღებრიშვილი
29.10.21 18:08
539
„რუსთავის აზოტის“ შვიდ საწარმოში მიმდინარეობს რემონტი, რათა აქ დასაქმებულმა თითოეულმა ადამიანმა უფრო მეტი კომფორტი იგრძნოს და ასე იმუშაოს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს სს „რუსთავის აზოტის“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც საწარმოში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

„რუსთავის აზოტი“, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა, თანამშრომელთა 99% ადგილობრივი მცხოვრებია. როგორც ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას აღინიშნა, საწარმოს ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს დასაქმებულთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. პირველ რიგში, ეს შეეხება სახელფასო ფონდს, რომელიც მიმდინარე წელს საშუალოდ 25%-ით გაიზარდა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ტრადიციული საწარმო 2000-მდე ადამიანს ასაქმებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა საწარმოს გაუმჯობესება პირველ რიგში, შრომის პირობების მიმართულებით ხდება.

ნათია თურნავამ ქარხნის ერთ-ერთი ცენტრალური, გვარჯილის საამქროც დაათვალიერა, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიარაღდა და შესაბამისად, დასაქმებულთა შრომის პირობები გაუმჯობესდა.

„დამონტაჟდა ავტომატური ჩამტვირთველი, რომელიც ანაცვლებს მძიმე მექანიკურ შრომას და ადამიანებს აღარ უწევთ დატვირთული ტომრების ზიდვა და ამას აკეთებს ავტომატიკა. მსგავსი გაუმჯობესებები მიმდინარეობს მთელ საწარმოში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საწარმოში გერმანიის მთვარობის პროგრამის ფარგლებში ახალი ფილტრები, ახალი კატალიზატორები მონტაჟდება.

„ახალი კატალიზატორები ატმოსფეროში მავნე გაფრქვევას მინიმუმამდე დაიყვანს, პრაქტიკულად, გაანულებს და ეს საწარმო არამხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ეკონომიკაში - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი და შემომტანი ეკონომიკური ზრდის სტატისტიკაში, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული საწარმოც იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საწარმოში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის - აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტი“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე საწარმოს შორის, რომლებმაც საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოება დაიწყეს და ამგვარად სამედიცინო სექტორი და შესაბამისად, მოსახლეობა დაავადებასთან ბრძოლისას ამ აუცილებელი კომპონენტით უზრუნველყვეს. კოვიდ-პანდემიის პერიოდში აქტიური თანამშრომლობისთვის და სამედიცინო ჟანგბადით კლინიკების მომარაგებისთვის ეკონომიკის მინისტრმა ქარხნის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.