მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ

60facf2f4de58
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.21 18:24
979
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან "რუსთავის აზოტი“ იმ საწარმოთა რიცხვშია, რომელთა თანამშრომლები ორგანიზებულად, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შეძლებენ.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უწევს.

ვაქცინაციის პირველ დღეს „რუსთავის აზოტის“ 100-მდე თანამშრომელი აიცრა, დანარჩენები კი მომდევნო დღეებში აიცრებიან. რუსთავში მდებარე საწარმოების თანამშრომელთა ვაქცინაცია კლინიკა „რუსთავში“ მიმდინარეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საყოველთაო ვაქცინაცია არის უალტერნატივო წინაპირობა იმისათვის, რომ ეკონომიკის ზრდის ის ტემპი შევინარჩუნოთ, რომელიც ბოლო თვეებში ფიქსირდება.

„სწორედ ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, განსაკუთრებით მსხვილ დამსაქმებლებთან, რომელთა თანამშრომლებისთვისაც ხდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვაქცინაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილის თქმით, მისასალმებელია საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების მხრიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მზაობა.

„ამით ამ საწარმოთა თითოეული თანამშრომელი სწორ სამოქალაქო პოზიციას გამოხატავს, რადგან პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საწარმოების თანამშრომელთა დროული ვაქცინაცია, რომელთაც ერთიან სივრცეში უწევთ პროფესიული საქმიანობის წარმართვა და ამდენად, ვირუსის გავრცელების რისკი გაცილებით დიდია. მოხარული ვართ, რომ რუსთავის „აზოტის“ თანამშრომელთა მხრიდან დიდი ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში და იმედი გვაქვს, რომ მალე მათ სხვა საწარმოთა თანამშრომლებიც შეუერთდებიან,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა და დასძინა, რომ „პროცესი გაგრძელდება აბსოლუტურად ყველა რეგიონში". "ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ნებისმიერი სექტორის ნებისმიერ დამსაქმებელთან იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი თანამშრომლების ვაქცინაცია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

"რუსთავის აზოტი“ ქვემო ქართლში მდებარე მეორე საწარმოა „ქართლი ტექსტილის“ შემდეგ, რომელთა თანამშრომლებიც მასობრივი ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობენ. უახლოეს პერიოდში ვაქცინაცია ჩატარდება არა მხოლოდ რუსთავში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, სადაც კერძო სექტორში დასაქმებულები ორგანიზებულად შეძლებენ აცრას.