მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავის აზოტსა“ და GIZ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

63481e89c2bcf
BM.GE
13.10.22 18:39
549
"რუსთავის აზოტსა“ და GIZ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, "რუსთავის აზოტი“ და გერმანიის მთავრობასთან არსებული, აზოტმჟავას წარმოების შედეგად კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი - GIZ ერთობლივ პროექტს განახორციელებენ. პროექტი, წარმოების პროცესში, აზოტის ქვეჟანგის გამონაბოლქვის წლის განმავლობაში 70%-ით შემცირებას ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 5,5 მილიონია ევროა, საიდანაც 2 მილიონი გერმანიის მთავრობის მიერ ფინანსდება. მისი განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, აღმასრულებელი კომპანია შეირჩევა საჯარო ტენდერის გამოცხადების გზით. 

„ეს პროექტი რუსთავში ეკოლოგიურ ვითარებას გააუმჯობესებს. როგორც რუსთავში მდებარე საწარმო, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვართ ეკოლოგიურ სიტუაციაზე. პროექტის დასრულებისთანავე, აზოტმჟავაში წარმოქმნილ ემისიებში აზოტის ქვეჟანგის შემცველობა იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ აზოტის ქვეჟანგის შემცველობა ევროსტანდარტებთან იქნება სრულად შესაბამისობაში. მოგეხსენებათ, აზოტის ქვეჟანგი ძალიან დიდ გავლენას ახდენს კლიმატზე, ამიტომაც გადავწყვიტეთ GIZ-თან ერთად ამ უზარმაზარი პროექტის დაწყება“, - განაცხადა "რუსთავის აზოტის" დირექტორის პირველმა მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი საშუალებას იძლევა წარმოების შედეგად მიღებული აზოტის ქვეჟანგის გამონაბოლქვი წლის განმავლობაში შემცირდეს 70%-ით, რაც ნახშირორჟანგის ექვივალენტში 78 000 ტონას შეადგენს.

მათივე თქმით, ეს თანამშრომლობა დიდ წვლილს შეიტანს სს „რუსთავის აზოტის“ საწარმოს ტექნოლოგიური პროცესების მართვის გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიის დაცვაში. პროექტი დიდ როლს თამაშობს ქვეყნის მიერ პარიზის კონვენციით გათვალისწინებული ეკოლოგიური ვალდებულებების შესრულებასა და ასევე NDC-ის დოკუმენტის თანახმად ჰაერის დეკარბონიზაციის უზრუნველყოფაში.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიც ესწრებოდა.

„გერმანიის მთავრობა ეხმარება რუსთავის აზოტს რომ განაახლოს ტექნოლოგიები. ჩვენ კი ეს ყველაფერი გვეხმარება იმაში, რომ შევასრულოთ კლიმატის ცვლილების ფარგლებში გაეროს წინაშე აღებული ვალდებულებები, და, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის რუსთავის სამრეწველო ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ პროექტის განხორციელებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

სამუშაოების დასრულება 2 წლის ვადაშია დაგეგმილი.

(NS)