09.ნოემბერი .2019 13:10

"Ryanair-ი უკვე თბილისსა და ქუთაისშია - ეს ნიშნავს მეტ ქართველს ევროპაში და მეტ ევროპელ ტურისტს საქართველოში“

views 407
უკან

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო. პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისის მიმართულებით უკვე სრულდება. ასევე, ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით.

საქართველოს ავიაბაზარზე Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის დირექტორი ლევან კარანაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დაესწრო.
,,ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს დედაქალაქში ამ მასშტაბის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. Ryanair-ი უკვე თბილისსა და ქუთაისშია. რაც ნიშნავს მეტ ქართველს ევროპაში და მეტ ევროპელ ტურისტს საქართველოში. ამ ეტაპზე Ryanair თბილისიდან მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით შეასრულებას რეისებს, რაც შეეხება კიოლნს, გაზაფხულიდან დაემატება ეს მიმართულება თბილისის აეროპორტს. ეს რაც ამ ეტაპზეა ცნობილი,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ორგანიზებით მილანიდან ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. მილანელ მგზავრებს აეროპორტში ქართული ხალხური სიმღერების შესრულებით ანსამბლი ,,დიდგორი“ დახვდა.

ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს ავიაკომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. შედეგად დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა