მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საარჩევნო კომპასი - საქართველო“: გვაქვს უთვალავი ფერითა? - პარტიების შეხედულებები განათლებასა და ჯანდაცვაზე

5f9662eab9afe
დავით სიჭინავა
26.10.20 09:52
9217
31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ექვს ათეულ პარტიას შორის მოუწევს, თუმცა რუსთაველის თქმის არ იყოს, ნიშნავს კი ასეთი სიჭრელე იმას, რომ მონაწილე პოლიტიკური ჯგუფები ამომრჩეველს მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობენ? ბევრი თვლის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი იდეოლოგიურად ერთგვაროვანია და პარტიები დაპირებების მხრივ, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. თუმცა როგორც „საარჩევნო კომპასი“ (https://kompasi.partiebi.ge ) გვაჩვენებს, ქართულ პარტიებს ქვეყნის სამომავლო განვითარების საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული წარმოდგენები აქვთ, მათ შორის - განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზეც.

„პოლიტიკური კომპასისთვის“ შერჩეული დებულებები პარტიების ეკონომიკური შეხედულებებისა და ღირებულებების მსოფლმხედველობის გათვალისწინებით შეფასდა. მოსაზრებების ნაწილი მემარცხენედ (სახელმწიფოს მეტი ჩარევა) ან მემარჯვენედ (ნაკლები რეგულაცია, მეტი თავისუფლება) შეფასდა, ნაწილი კი - კონსერვატიულად (ტრადიციული ღირებულებები) ან - ლიბერალურად. საინტერესოა, რომ განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე პარტიებს შორის საყოველთაო კონსენსუსი თითქმის არ არსებობს. ამასთან, ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს იდეოლოგიურად არათანმიმდევრული შეხედულებები აქვს.



განათლების საკითხებზე პარტიების დამოკიდებულებები განათლების დაფინანსების და სასკოლო პროგრამის შესახებ შეხედულებების მაგალითზე შევისწავლეთ. განცხადებულად მემარცხენე ან ცენტრისტული იდეოლოგიის მქონე პარტიებისთვის (მმართველი „ქართული ოცნება“, ოპოზიციური „ლეიბორისტები“ და „ლელო“) როგორც წესი, მეტნაკლებად ან სრულად მისაღებია მოქალაქეთათვის უფასო განათლების შეთავაზება. სხვა მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საკუთარ თავს ძირითადად მემარჯვენე სპექტრში მოიაზრებენ („ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“) ამ მოსაზრებას ნაკლებად ან საერთოდ არ ეთანხმებიან. მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიის პარტიების მოსაზრებები ერთმანეთში ირევა, როცა საქმე განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსების გასაზრდელად ხარჯების ზრდას ეხება. ამ მოსაზრებას ეთანხმება როგორც რადიკალური კონსერვატიული „პატრიოტთა ალიანსი“, ასევე - ეკონომიკურად მემარჯვენე „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ და (თეორიულად) მემარცხენე „ქართული ოცნება“. ამ თემაზე საკუთარ იდეოლოგიასთან თანმხვედრი შეხედულება ეკონომიკურ მემარჯვენეთა შორის მხოლოდ „ევროპულ საქართველოს“ და „გირჩს“ გააჩნიათ.

რა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში? ამ საკითხთან დამოკიდებულებები კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის ჭრილში შეგვიძლია, განვიხილოთ. პარტიები, რომლებიც საკუთარ თავს ტრადიციული ღირებულებების დამცველებად თვლიან (მაგალითად, „ერთიანი საქართველო“, „კონსერვატორები“, „თავისუფალი საქართველო“) სქესობრივი განათლების სკოლებში დაშვებას არ ეთანხმებიან. მეტნაკლებად მსგავს პოზიციაზე დგას „ქართული ოცნებაც“. სამაგიეროდ, ლიბერალური განწყობების მქონე პოლიტიკური სპექტრისთვის („ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ლელო“) სქესობრივი განათლების გაკვეთილების დაშვება მისაღებია. ეს უკანასკნელები მართლმადიდებლობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლებას არ ემხრობიან, რაც კონსერვატიული მიმართულების პარტიებისა და „ქართული ოცნებისთვის“ მეტნაკლებად ან სრულად მისაღებია.

ჯანდაცვა ის საკითხია, რომლის მიმართ პარტიების დამოკიდებულებები იდეოლოგიურ ხაზებს კვეთს. ფორმალურად მემარცხენე „ლეიბორისტების“ აზრით ჯანდაცვა უფასო მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის უნდა იყოს, როდესაც მემარჯვენე მიმართულების „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“

საყოველთაო სამედიცინო უზრუნველყოფის იდეა მისაღებია. სამაგიეროდ, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“ იდეოლოგიური თვალსაზრისით, აქაც მტკიცედ დგანან და ჯანდაცვისადმი მემარჯვენე მიდგომის ერთგულები რჩებიან.

რაც შეეხება მედიკამენტების ფასების რეგულირებას, ეს მემარჯვენე მიმართულების ოპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელია, ხოლო პირობითად მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფებისთვის კი - მისაღები. აღნიშნულ საკითხზე იდეოლოგიურ ჩარჩოებს ცოტა პოლიტიკური ჯგუფი ცდება. გამონაკლისს „სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმოადგენს, რომელსაც წამლების ფასის დადგენაში სახელმწიფოს ჩარევა მისაღებად მიაჩნია.

იდეოლოგიურად თანმიმდევრულია დამოკიდებულებები პრივატიზებასთან დაკავშირებით. ერთი-ორი მცირერიცხოვანი პარტიის გამოკლებით, ეკონომიკურად მემარჯვენე ჯგუფები („ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და სხვ.) თვლიან, რომ საავადმყოფოების გასხვისება მომხმარებლებისთვის ჯანდაცვის ხარჯებს შეამცირებს, ხოლო მემარცხენე პარტიები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან.

როგორც ვხედავთ, განათლების და ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიებს საკმაოდ განსხვავებული და მრავალფეროვანი შეხედულებები გააჩნიათ, რომლებიც იშვიათი გამონაკლისების შემთხვევაში, ტრადიციულ მემარჯვენე-მემარცხენეობის თუ ლიბერალ-კონსერვატორობის ჩარჩოებშიც ჯდება. მართალია, საქართველოში ამომრჩევლების პარტიებისადმი სიმპათია ძირითადად, პოლიტიკური ლიდერების მოწონება-არმოწონებას უკავშირდება, ვიდრე - პარტიების პროგრამებს, თუმცა „პოლიტიკური კომპასი“ დაგეხმარებათ, თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია ამოარჩიოთ. „საარჩევნო კომპასით“ ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების პროგრამების შესახებ უფრო მეტის გაგება შეგიძლიათ.

 პროექტისა და მისი მეთოდოლოგიის შესახებ უფრო მეტი იხილეთ ამ ბმულზე.

ცნობისთვის: დავით სიჭინავა არის „საარჩევნო კომპასი - საქართველოს“ აკადემიური და კოდირების გუნდის წევრი, „CRRC-საქართველოს“ კვლევების დირექტორი
(NS)