მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სად მელის მარანი" - რას სთავაზობს რაჭული გასტრო-ტურისტული ობიექტი სტუმრებს

61779fe88fd94
ვიქტორია მღებრიშვილი
27.10.21 10:15
1957
„სად მელის“ ღვინო, რაჭული კერძები, ლამაზი ხედები და გულიანი მასპინძლები - 5 წელია, რაც ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში, ბრიტანეთში მცხოვრები კერესელიძეების ოჯახი გასტრო-ტურისტული ობიექტის სტუმრებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

2017 წელს ბექა კერესელიძემ, მეუღლესთან - თათია ბიჭაშვილთან ერთად, მამა-პაპისეული მარნის აღდგენა გადაწყვიტა და მთის ფერდობზე გაშენებული ვენახიდან მოწეული ყურძნით ქვევრში ღვინო დაწურა. ასე დაიწყო „სად მელის მარანის“ ისტორია. დღეს წყვილი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, თუმცა რაჭაში საკუთარი ბიზნესის მართვას მშობლების დახმარებითა და სამშობლოში ხშირი ვიზიტებით ახერხებს.



როგორც BM.GE-სთან საუბარისას კომპანიის თანადამფუძნებელი თათია ბიჭაშვილი ამბობს, ტურისტული ობიექტის ამოქმედებიდან დღემდე, ოჯახმა საკუთარი რესურსით ბიზნესის განვითარებისთვის 130 000 დოლარის ინვესტიცია ჩადო და მცირე ბიზნესში 4 ადგილობრივი დაასაქმა. შედეგად, „სად მელის მარანი“ დღეს უკვე წლიურად 7 დასახელების 5 000 ბოთლ ქვევრის ღვინოს, ცქრიალა ღვინო „პეტ ნატს“ და ვაშლის ცქრიალა ღვინო "სიდრს" აწარმოებს, რომელთა ნაწილი ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში გააქვთ.

„დიდ ბრიტანეთში ჩვენი ღვინო პირველად, გასულ წელს, 2 პალეტი გავიტანეთ, დააახლოებით, 1 500 ბოთლი. უცხოურ ბაზარზე სარეალიზაციო ობიექტებს სიფრთხილით ვარჩევთ, რადგან გვინდა ღვინო ისეთ ადგილებში გაიყიდოს, სადაც მისი ხარისხის მიმართ ინტერესი დიდი იქნება. ამიტომ „სად მელის“ ღვინო საფერავი ძირითადად იყიდება 3 რესტორანსა და რამდენიმე ღვინის მაღაზიაში, სადაც მას სწორად წარადგენენ და შესთავაზებენ მომხმარებელს. ამასთან, დიდ ბრიტანეთში ავამოქმედეთ ვებგვერდი sadmeli.com, სადაც ჩვენი ღვინო ონლაინ იყიდება“, - განმარტავს თათია ბიჭაშვილი.



აღსანიშნია, რომ „სად მელის მარნის“ მფლობელები ვაზის მივიწყებული ჯიშების აღდგენითაც არის დაინტერესებულნი. გასულ წელს მათ დიდი ბაბუის ვენახში დაკარგულ ქართულ ვაზის ჯიშებს - სამაჭრიას და მოქათურს მიაკვლიეს და იდენტიფიცირება მოახდინეს. ყურძნის სიმცირის გამო სეპაჟი გააკეთეს და სამაჭრია-მოქათურის პირველი ბოთლიც ჩამოასხეს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ღვინის რეალიზებას, მცირე მარნის მფლობელები „სად მელის“ ხვანჭკარას, თეთრას თუ ცოლიკოურს, პირველ რიგში, თავის სტუმრებს აგემოვნებინებენ და „სად მელის მარნის“ ფეისბუქ და ინსტაგრამ-არხითაც ყიდიან. როგორც თათია ბიჭაშვილი ამბობს, დღეს მათი ობიექტის მიმართ ინტერესი როგორც ადგილობრივებში, ასევე უცხოელ ვიზიტორებშიც საკმაოდ დიდია.



„დღეს ჩვენს ობიექტს ტურისტები, დაახლოებით, 25 ქვეყნიდან სტუმრობენ - პანამიდან, კორეიდან, იაპონიიდან, კოლუმბიიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ეგვიპტიდან. ბუქინგისა და სოციალური ქსელის არხებით დღეს ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი ზაფხული-შემოდგომის სეზონზე“, - ამბობს „სად მელის მარნის“ დამფუძნებელი.

დღეს „სად მელის მარანი“ საოჯახო ტიპის სასტუმროში სტუმრებს 4 ოთახით მასპინძლობს, თუმცა ტურისტული ობიექტისადმი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მეწარმეები ბიზნესის გაფართოებას მომავალი წლიდან გეგმავენ. გაფართოების პროექტზე მუშაობა დაწყებული აქვთ და, დაახლოებით, 200 000 დოლარის ინვესტიციით განთავსების ადგილებს 10 ნომრით გაზრდიან. თათია ბიჭაშვილი ამბობს, რომ ეს უფრო მეტი ადგილობრივის დასაქმების და ასევე მეტი სტუმრის მიღების საშუალებას მისცემთ.