მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საექსპორტო მოცულობები 20%-ით გაიზარდა" - ნათენაძის მარნის “მესხური ღვინო” ახალ ბაზრებზე შედის

61a772ad750cc
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.21 21:00
841
ნათენაძის მარნის “მესხური ღვინო” ახალ საექსპორტო ბაზრებზე შედის - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ნათენაძე RAW WINE BERLIN 2021-ის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

„ასეთი სწრაფი შედეგი არ მიმიღია, რომ ერთ საფესტივალო დღეში დამატებით 4 ქვეყნიდან მიმეღო შეკვეთა“, - ამბობს მეღვინე და აღნიშნავს, რომ ორგანული ღვინის მწარმოებელი მცირე მარნებისთვის ეს ფესტივალი ორწლიანი პაუზის შემდეგ კარგი შედეგების მომტანი იყო.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ ფესტივალზე ღვინის ჩატანასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გაჩნდა, მეწარმეებმა ქართული ღვინის წარდგენა მაინც შეძლეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

„გაკვირვებული ვიყავი იმდენად კარგად იყო ორგანიზებული გამოფენა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ბევრი საინტერესო იმპორტიორი იყო ჩამოსული. ამის მოლოდინი არ გვქონდა.

ონლაინ რეჟიმში ყოფნის პერიოდში ღვინის გაგზავნა სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი სახსრებით გვიხდებოდა და ონლაინ ვესაუბრებოდით ამ ღვინის შესახებ, რაც დამატებით თანხებთან იყო დაკავშირებული. ამ პაუზის შემდეგ პირად შეხვედრებს არაფერი ჯობია, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვუზიარებთ როგორც ღვინის, ასევე ქვეყნის შესახებ. გამოფენა შეზღუდვების გამო ერთი დღის განმავლობაში გაგრძელდა, ნაცვლად ტრადიციული ორი დღისა, მაგრამ ასეთი სწრაფი შედეგი არ მიმიღია, რომ დამატებით ოთხი ქვეყნიდან მიმეღო შეკვეთა. შედეგად, იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა მესხურმა ღვინომ, რომ მას დამატებით ოთხ ქვეყანაში შევიტან“, - განაცხადა გიორგი ნათენაძემ.

კომპანია პირველ საექსპორტო მოცულობებს ახალი წლიდან გაგზავნის. თითოეული მიმართულებით 700 ბოთლი მესხური ღვინო გაიგზავნება. BM.GE-სთან საუბარისას მეღვინე განმარტავს, რომ ფესტივალზე ინტერესი ორი ახალი ბაზრიდან - ავსტრიიდან და ფინეთიდან გაჩნდა, ხოლო კანადიდან და შვეიცარიიდან ახალი პოტენციური პარტნიორების მხრიდან შეთავაზება მიიღო.

დღეისთვის „ნათენაძის ღვინის მარანი“ ექსპორტს ცხრა ქვეყანაში ახორციელებს. ახალი მიმართულებების ათვისების შემდეგ კი მათი რაოდენობა 11-მდე გაიზრდება. როგორც გიორგი ნათენაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, მიმდინარე წელს საექსპორტო მოცულობები 20%-ით გაიზარდა.

„2021 წელს ღვინის ექსპორტი გაიზარდა და თუ მანამდე ერთი ქვეყანიდან მხოლოდ ერთხელ გვიკვეთავდნენ, წელს შეკვეთებმა მოიმატა და შესაბამისად ექსპორტი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა მეღვინემ და დასძინა, რომ კომპანია ყოველწლიურად 6 000-მდე ბოთლ პრემიუმ სეგმენტის ღვინის ექსპორტს ახორციელებს, რაც მათი წარმადობის 90%-ია.