მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საერთაშორისო კომპანიად როგორ დავრეგისტრირდებით, თუკი მთავრობამ საქმიანობებიც კი ვერ ასახა სწორად?" - "სოფმარი"

5f884368b73c3
ინგა მურუსიძე
16.10.20 10:10
1743
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიიღონ ქვეყანაში მოქმედმა უცხოურმა კომპანიებმა “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ამ სტატუსის თანმდევი საგადასახადო შეღავათები. ამ სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად იქნება 5%. მაცნეზე დადგენილების ტექსტი უკვე გამოქვეყნდა, შესაბამისად კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და პოტენციურ ინვესტორებს უკვე შეუძლიათ გაეცნონ იმ პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ ახალი სტატუსის მოპოვებისთვის ესაჭიროებათ. დადგენილების მიხედვით, შეღავათების მოთხოვნის შესაძლებლობა ძირითადად IT და საზღვაო გადაზიდვების სფეროში ჩართულ კომპანიებს შეეძლებათ.

დადგენილებას უკვე გაეცნო გადამზიდი კომპანია „სოფმარის“ დამფუძნებელი ვახტანგ ალანია. ის მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ გაცხადებული მიზანი აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიებს მეტი შესაძლებლობები მიეცემათ, სიმართლესთან ახლოს არ არის, რადგან თავად დადგენილებაში ტექნიკური პრობლემებია, მათ შორის საქმიანობების ჩამონათვალის კუთხით.

გარდა ამისა, ვახტანგ ალანია bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მთავრობის დადგენილებაში არსებული უზუსტობები გაუგებარს გახდის, რომელი კომპანია რას საქმიანობს და საეჭვოს გახდის ამ დადგენილების აღსრულებას.

მისი ინფორმაციით, დადგენილების შედგენამდე მას და ბევრ მის კოლეგას არავინ დაკავშირებია, რომ პროფესიული რჩევები მიეღოთ.

„საერთაშორისო საწარმოს სტატუსის საგადასახადო შეღავათების მისაღებად აუცილებელი ნებადართული საქმიანობების სახეების ჩამონათვალში არეულია საზღვაო ტერმინოლოგია და ცნებები, რაც შემდგომში ხელს შეუშლის ორგანიზაციებს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მოპოვებაში. ისევ მივიღებთ ძველ მოცემულობას, როცა ამ შეღავათებით სარგებლობა შეუძლებელი იყო. ჩვენ გთავაზობთ კომერციული-სავაჭრო ნაოსნობის ძირითადი საქმიანობების ჩამონათვალს, რაც აღიარებულია საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნაოსნობაში“, - ამბობს ვახტანგ ალანია და მაგალითად მოჰყავს დადგენილებაში ასახული პუნქტები, რომლებიც საქმიანობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და არა თავად საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილების თანახმად, სტატუსის მისაღებად ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც საზღვაო გადაზიდვებს ეხება, ასე გამოუყურება:

პ) გემთმფლობელის მიერ ან/და მისთვის გემის ფლობასთან დაკავშირებული კომერციული და ტექნიკური მომსახურებები, მათ შორის:
პ.ა) გემის გაქირავება ეკიპაჟით ან უეკიპაჟოდ (ბერბოუტ-ჩარტერი);
პ.ბ) რეისის დაგეგმვა ან/და ანალიზი;
პ.გ) გემის კაპიტნისათვის დამფრახტველთან შეთანხმებული რეისის ინსტრუქციების მიცემა;
პ.დ) სტალიური დროის დათვლა, დისბურსმენტის ანგარიშის ანალიზი და მართვა;
პ.ე) ტვირთთან დაკავშირებული მოთხოვნების, კომერციული, სამართლებრივი საკითხებისა და დაფრახტვის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების (ჩარტერის) დავების მართვა;
პ.ვ) ახალი გემების მშენებლობის შეკვეთების ორგანიზება ან/და მეორადი გემების ყიდვა-გაყიდვის მომსახურება;
პ.ზ) გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა ან/და შესაბამისი ტექნიკური ნაწილებით ან/და საკვები პროდუქტებით გემთმომარაგება;
პ.თ) გემთმშენელობის, გემების დოკირებისა და რემონტის კოორდინირება, ინსპექციების ჩატარება დარგის მარეგულირებლების მოთხოვნების შესაბამისად;
პ.ი) გემის გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (ISM) კოდექსთან, დროშისა და ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მოთხოვნებსა და საკლასიფიკაციო საზოგადოების წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ვახტანგ ალანია დადგენილებაში ასახულ საქმიანობებს აკრიტიკებს. კერძოდ ის ამბობს, რომ:

1) სამთავრობო დადგენილებაში ჩამოთვლილია არა თვით საქმიანობები, არამედ საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, ასე მაგალითად, ბერბოუთ ჩარტერი, საიჯარო ხელშეკრულების ერთ-ერთი ფორმაა და არა საქმიანობა, არსებობს ჩარტერის ანუ იჯარის 400-მდე ფორმა.
2) არეულია საქმიანობები;
3)კაპიტნისთვის ინსტრუქციის მიცემა არ არის საქმიანობა - ეს სააგენტო მომსახურების შემადგენელი ნაწილია.
4) სტალიური დრო არის ტვირთის დაცლა-დატვირთვისთვის მიცემული დროის კონტროლი, რაც არ წარმოადგენს ცალკე საქმიანობას, ეს გემის მართვის (შიპ მენეჯმენტის) შემადგენელი პატარა ნაწილია.
5)პუნქტი „პ.ზ“ -ში გაერთიანებულია 2 სხვადასხვა საქმიანობის სფერო, ერთია ტექნიკური ზედამხედველობითი, ანუ საკლასიფიკაციო საქმიანობის ნაწილი და მეორეა პროდუქტებით გემმომარაგება, ანუ შიპშენდლერული საქმიანობა.

„ეს უზუსტობები გაუგებარს გახდის რომელი კომპანია რას საქმიანობს და სათუოს გახდის ამ დადგენილების აღსრულებას“, - ამბობს ვახტანგ ალანია.