მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საერთაშორისო კომპანიებს პროფესიონალი კადრები საზღვარგარეთ გაჰყავთ" - ქართული სტარტაპების გამოწვევები

619649af769e2
ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.21 09:00
749
"ახალი ტექნოლოგიები იქნება ჩვენი ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი უახლოეს წლებში" - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში ამერიკული ვენჩურული ფონდის Catapult Georgia-ს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გააკეთა. მინისტრმა ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული სტარტაპები გლობალურად კონკურენტუნარიანები გახდნენ.

ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების შესახებ BM.GE-მ კითხვები ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმა “კერნელის“ დამფუძნებელს ბექა დალაქიშვილს დაუსვა. სტარტაპერი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ამ კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, თუმცა ოპერირების პროცესში დამწყებ კომპანიებს არაერთი საერთო თუ ინდივიდუალური პრობლემა ექმნებათ.

„500 Startups-ის, Catapult Georgia-ს, რომელიც ახლა შემოდის ქვეყანაში, და GITA-ს ხელშეწყობა სტარტაპებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით მდგომარეობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უმჯობესდება. რაც შეეხება გამოწვევებს, ჩვენს რეალობაში ძალიან ბევრი გამოწვევაა, თუმცა ყველაზე დიდი, ალბათ, ადამიანური რესურსის მოზიდვაა, ანუ ისეთი კადრების, რომლებიც თან პროფესიონალები არიან და თან ადეკვატური თანხით შეიძლება მათი აყვანა. ტექნოლოგიური მიმართულებით ეს გამოწვევა ბოლო პერიოდში გაჩნდა და მომავალში სტარტაპებისთვის ის კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან ბაზარი ამ კუთხით შეზღუდულია და ამავე დროს ბაზარზე არიან საერთაშორისო მოთამაშეები, რომლებსაც ეს კადრები საზღვარგარეთ გაჰყავთ. ქართული სტარტაპები მათ კონკურენციას ფასებით და სხვა მიმართულებითაც ვერანაირად ვერ გაუწევენ.

გარდა ამისა ვთვლი, რომ სტრატაპ კომპანიებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ქართული ბაზრის ზომაა. საქართველოში ჩვენი ტიპის სტარტაპისთვის, რომელიც თითოეული ხელშეკრულებიდან მცირე ანაზღაურებას იღებს, შესაძლებელია მხოლოდ სატესტოდ გამოყენება, ხოლო უცხოურ ბაზარზე გასვლისას გასათვალისწინებელია მათი კულტურა - რას არიან მიჩვეულები, ანუ ახალ ბაზარზე შესვლისას ძალიან ბევრი გამოწვევაა არამხოლოდ ფინანსური, არამედ კულტურული კუთხითაც. ამ მიმართულებით ყოველდღიურად ახალი აღმოჩენები გვაქვს, რაც უცხო ბაზრებზე გაფართოებაში გვეხმარება“, - განმარტა ბექა დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „კერნელი“ მცირე ბიზნესებს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში 2020 წლიდან ეხმარება. სტარტაპმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 525 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა, რომელსაც ფილიპინების ბაზარზე გაფართოებისა და ინდოეთის ბაზარზე შესვლისთვის გამოიყენებს. ბექა დალაქიშვილის ინფორმაციით, კომპანიას ქვეყანაში დღეისთვის 6 000-მდე პარტნიორი ჰყავს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრის 10%-ს შეადგენს.