მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებითაა გატარებული ყველა ის რეფორმა, რომელმაც წარმატება დაიმსახურა საფინანსო სექტორში"

628779dfb7537
BM.GE
20.05.22 15:45
540
„მივესალმები ამ ღონისძიებას და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას. თქვენი საშუალებით გატარებულია ყველა ის რეფორმა, რომელმაც წარმატება დაიმსახურა საფინანსო სექტორში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ყველა ტიპის გამჭვირვალობას, რეფორმებს და ასეთი ტიპის ზედამხედველობასთან დაკავშირებულ კვლევებს“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის და ანგარიშვალდებული ორგანოების ურთიერთობების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძემ დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც კომიტეტისთვის პროფილურია და პროექტის კვლევის საგანს წარმოადგენდა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სახელმწიფო ვალის ზედამხედველობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პანდემიის შემდგომ, ქვეყანამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით და ბოლო ბიუჯეტში მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 51.1%-ია. მისი თქმით, მთავარობის ამოცანაა, ნიშნულის 45%-მდე ჩამოწევა და დეფიციტის შემცირება.

ირაკლი კოვზანაძის თქმითვე, კომიტეტმა დაიწყო საკითხის შესწავლა, შექმნილია თემატური ჯგუფი, რომელიც უახლოეს პერიოდში მოკვლევის შესახებ დოკუმენტის პრეზენტაციას პარლამენტში გამართავს.

ირაკლი კოვზანაძემ ღონისძიების სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფის საქმიანობის შესახებ, რომელიც რეგულარულად აუდიტის სამსახურის ანგარიშებს განიხილავს და გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე რეგლამენტით გათვალისწინებულ საპარლამენტო ზედამხედველობას ახორციელებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ასევე კომიტეტის საქმიანობის სხვა საზედამხედველო მიმართულებებზე.

ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტთან თანამშრომლობისთვის, ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP), ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს (WFD) მადლობა გადაუხადა.