მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საფინანსო ინსტიტუტები გამოწვევებისთვის მზად არიან და ეს სწორი რეგულაციების შედეგია"

5e74ce12cccdb
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.20 11:20
1483
ჩვენი საფინანსო სისტემის მდგრადობა, რომელიც ახლა - კრიზისულ სიტუაციაში - გვადგება, გამოწვეულია სწორედ რეგულირების მაღალი ხარისხით, - ასე აფასებს ეროვნული ბანკის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების ამოქმედებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი არჩილ ბაკურაძე.

მისი თქმით, იმ კრიზისულ ვითარებაში, რომელშიც დღეს საქართველო კორონავირუსის ეპიდემიის გამო აღმოჩნდა, საფინანსო ინსტიტუტები მზად არიან, უპასუხონ გამოწვევებს და ეს სწორედ თავის დროზე მიღებული რეგულაციების შედეგია.

“ის, რაც ეროვნულმა ბანკმა ორი წლის წინ დაიწყო და თავიდან მტკივნეული იყო მსესხებლებისა და ბაზრისთვის, დღეს გვაძლევს ეფექტს. დღეს ჩვენი საცალო დაკრედიტება ბევრად უფრო სწორ პრინციპებზეა აგებული, რაც განაპირობებს საკრედიტო პორტფელის მდგრადობას. გასაგებია, რომ კრიზისის შემდეგ გარკვეული დრო დასჭირდება ვირუსისგან დაზიანებული სექტორების გაძლიერებას, მაგრამ ამისთვის ქართული ფულად-საკრედიტო სისტემა სრულ მზაობაშია“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.

„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კრიზისულ პერიოდში რეგულაციების შერბილება მისაღებია, რადგან საფინანსო ინსტიტუტები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებს მიეჩვივნენ.

„ამ ეტაპზე, საცალო დაკრედიტების წესებში მეტი დისკრეციის მიცემა ბაზრის მონაწილეებისთვის რა თქმა უნდა მისასალმებელია, რადგან ყველა მზად არის, გააგრძელოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დაცვა, ხოლო აღნიშნულის მიღწევაში თითოეულ კომპანიას ექნება მოქმედების მეტი თავისუფლება“, - განუმარტა BM.GE-ის ბაკურაძემ.