29.მარტი .2020 19:25

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ტექნიკაზე მოთხოვნა ძალიან შემცირდა"

views 783
უკან

„ტექნო ბუმის“ დამფუძნებელის, ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მაღაზიები დაიხურა, ტექნიკაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სრულად გადავიდა ონლაინ გაყიდვებზე, ქოქოლაძე აცხადებს, რომ „ტექნო ბუმის“ მაღაზიებში ყველა დასაქმებულს მარტში ხელფასი სრულად გადაუხადეს, თუმცა ამ ეტაპზე არ იციან შეძლებს თუ არა კომპანია ხელფასები მომავალ თვეშიც გადაიხადოს.

“ჯერჯერობით არ ვიცით რა საშუალებები გვექნება, რა თქმა უნდა, ყველანაირად ვეცდებით, რომ ხელფასების გადახდა გავაგრძელოთ, თუმცა წინასწარ თქმა არ შემიძლია”,- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ქოქოლაძის თქმით, შექმნილ ვითარებაში კომპანია სრულად ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა.

“1 წელზე მეტია ონლაინ გაყიდვები დავიწყეთ, თუმცა ეს ყველა ნივთზე არ ვრცელდებოდა. მას შემდეგ, რაც კორონავირუსი საქართველოშიც დადასტურდა, პრევენციის მიზნით, გადავწყვიტეთ, რომ ნებისმიერი პროდუქტის ონლაინ შეძენა გაგვეხადა შესაძლებელი”,- აღნიშნავს ქოქოლაძე.

მისივე თქმით, “ტექნო ბუმში” გაყიდვები მაღაზიების დახურვამდე არ შემცირებულა.

“დღეს ძალიან შემცირებულია მოთხოვნა, შედარებაც კი არ შეიძლება იმასთან, რაც მაღაზიების დახურვამდე იყო, თუმცა გარკვეული მოთხოვნა მაინც არსებობს და ადამიანები სურვილის შემთხვევაში იძენენ პროდუქციას. ვერ ვიტყვი, რომ კორონავირუსის გამოჩენისთანავე შემცირდა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოთხოვნა. სანამ მაღაზიები დაიხურებოდა, მანამდე ჩვეულებრივად იყიდებოდა პროდუქცია”,- აცხადებს “ტექნო ბუმის” დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა