მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება დაფინანსების გარეშე წარმოუდგენელია" - ლალიაშვილი ეროვნულ სტრატეგიაზე

62cc680da8a47
ალა ისპირიანი
11.07.22 23:40
932
"ბევრი სიკეთე აქვს, მაგრამ დახვეწას საჭიროებს," - ასე შეაფასა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

მისი თქმით, წარმოუდგენელია ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოება დაფინანსების გარეშე ამაღლდეს.

„დაფინანსების სისტემა მნიშვნელოვანია. თუმცა ჩამოწერილია ის აქტივობები, რაც შეიძლება გაკეთდეს, ამიტომ შეგვიძლია არ დაველოდოთ ამ დაფინანსების სისტემას. პარალელურ რეჟიმში ეს უნდა კეთდებოდეს. სამოქმედო გეგმა გულისხმობს უსაფრთხო სისტემას, ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს. როდესაც შემთხვევა მოხდება, აუცილებელია სწრაფი რეაგირება და ეფექტური პირველადი სამედიცინო დახმარება. ბევრი სიკეთე აქვს ამ სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის არ არის სრულფასოვანი დოკუმენტი და კიდევ დასახვეწია. ამის დასახვეწად ჩვენ შემდეგი წლები გვაქვს.

ამაში შედის უსაფრთხოების ღვედები უკანა სავარძლებზე და საბავშვო სამგზავრო სავარძლები - ამათი დავიწყება და გვერდზე გადადება არ შეიძლება. ასევე სხვადასხვა მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები. ამ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მენეჯმენტის გაუმჯობესება. ადმინისტრირება კიდევ ეფექტური უნდა გახდეს. მნიშვნელოვანია ამ პროცესში შსს აქტიურად ჩაერთოს. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, ამ გუნდს ფინანსურ რესურსთან ერთად, ადამიანური რესურსი სჭირდება. ასევე წარმოუდგენელია საგზაო უსაფრთხოება დაფინანსების გარეშე ამაღლდეს", - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, მთავრობამ 4 ივლისს საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. საგზაო უსაფრთხოების საკითხზე კი უწყებათაშორისო კომისია შექმნა. მიღებული დადგენილების თანახმად, კომისიაში შედიან ეკონომიკის, განათლების, შსს-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. ამავე დადგენილებით განისაზღვრა კომისიის უფლებამოსილებებიც. კერძოდ, კომისიის მიზანია ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების გზით.