მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საინტერესო და პროდუქტიული საუბარი მქონდა" - პრემიერი გებრეიუსთან საუბარს აფასებს

6038cae423af3
ინგა მურუსიძე
26.02.21 14:22
849
საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ღარიბაშვილი facebook-ის გვერდზე წერს, ჯანმოს დირექტორთან ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა.

„საინტერესო და პროდუქტიული საუბარი მქონდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად.

ვისაუბრეთ პანდემიის კუთხით გლობალურად არსებულ ვითარებაზე, ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოში წარმოქმნილ სირთულეებსა და შეფერხებებზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების მიმართულებით და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე, რათა ამ კუთხით ყველა სახელმწიფომ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს.

როგორც ცნობილია, გარდა COVAX-პლატფორმისა, ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მივიღოთ და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სხვადასხვა მიმართულებით, ვინაიდან პანდემიის დამარცხება და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილი არ არის, როდის შემოვა საქართველოში პირველი ვაქცინა. ამირან გამყრელიძემ გუშინ თქვა, რომ კოვაქს-პლატფორმიდან სრული თანხმობა იყო „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა ამან დროში გადაიწია.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო ვაქცინას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ელოდება, თუმცა მას იმედი აქვს, რომ „თუ არ გვიმტყუნეს, საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას თავად მწარმოებლისგან მიიღებს“.