მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სალონების ფედერაცია": 2019 წელთან შედარებით სექტორში მოგება 50-60%-ით შემცირდა

61e7c9ee2193a
ლიკა გურაბანიძე
19.01.22 22:21
834
“სალონების ბიზნესში 2021 წელს 2020-თან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო, თუმცა 2019 წელთან შედარებით მომართვიანობა ჯერ კიდევ ბევრად ნაკლებია.” - ამის შესახებ "Forbes კვირას" „სალონების ფედერაციის“ ხელმძღვანელმა თამარ შარაშენიძემ განუცხადა.

ის ამბობს, რომ 2021 წელს 2019-თან შედარებით სხვადასხვა მიზეზებით სალონებში მომართვიანობა 30%-ით შემცირდა.

“სალონებში მომართვიანობის შემცირება გამოიწვია იმან, რომ სხვადასხვა ღონისძიებები დღემდე აკრძალულია, მაგალითად ვიზაჟის მომსახურებაზე მოთხოვნა საერთოდ ამოვარდა.

ასევე, თუ აქამდე კლიენტი ფრჩხილზე ლაქის წასმის მომსახურებით კვირაში ერთხელ სარგებლობდა, ახლა ამ პროცედურას ორ კვირაში ერთხელ იტარებს. სწორედ სხვადასხვა პროცედურებზე მოთხოვნის შემცირების შედეგად, 2019 წელთან შედარებით სექტორში მოგება 50-60%-ით შემცირება. კომუნალური ხარჯები გაგვეზარდა, ასევე სალონური მომსახურების საჭირო ნედლეული, შედეგად მოგებაზე საუბარი ძალიან რთულია.” - აღნიშნა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, ბოლო ორ წელში განსაკუთრებით მაღალშემოსავლიან მომხმარებლებზე გათვლილ სალონებს გაუჭირდათ, ვიდრე ეკონომკლასზე მორგებულს. ადამიანებს შემოსავლები შეუმცირდათ და ხარჯები გაეზარდათ. შედეგად, ბევრი მომხმარებელი მაღალბიუჯეტური სალონიდან ეკონომ-კლასზე გადავიდა.

შარაშენიძე "Forbes კვირასთან" ქვეყნიდან კადრების გადინებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათ სექტორშიც კადრების გადინება გასულ წლებთან შედარებით მომატებულია.

“ხშირად ჩვენთან აკადემიებში იმიტომ მოდიან, რომ პროფესია ისწავლონ და საზღვარგარეთ გამოიყენონ. ამერიკაში სალონებში ძალიან ბევრი ქართველი ვნახე, რომლებიც ქვეყნიდან, ბოლო ორი წლის განმავლობაში გავიდნენ”, - განაცხადა შარაშენიძემ.