მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამ თვეში გავიგებთ, რომელი ტურისტული კომპანია გადარჩა პანდემიის შედეგად"

5f002b77d4f37
მარიამ ადამია
04.07.20 12:47
1136
"აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, 5 თვის განმავლობაში თუ უნდა მიგვეღო დაახლოებით 10 ათასი ადამიანი, რეალობაში არცერთი მიგვიღია", - ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" ტურისტული კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ქეთი დოჭვირმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს კომპანიამ მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, იანვარსა და თებერვალში იმუშავა და ისიც ნაწილობრივ, დანარჩენ შემთხვევაში კი, ნულოვან შემოსავალზე არიან.

"მოლოდინი ივლისთან დაკავშირებით გვქონდა დიდი და ვაწარმოებდით ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებებს პოლონეთში, რომ დანიშნულიყო ის ჩარტერული რეისები, რომლებიც ისედაც დაგეგმილი იყო, უბრალოდ პანდემიის გამო შეჩერდა. საუბარი იყო კვირაში 2 რეისზე, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობაა ბათუმისთვის და ეს ადამიანები შემდეგ ნაწილდებოდნენ მთელს საქართველოში, ანუ იმისათვის, რომ ბიზნესმა დაიწყოს ძველი პოზიციების დაბრუნება და საერთოდ გადარჩეს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზღვრების გახსნა", - აღნიშნა Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში თანხის ძირითადი შემომტანი არის შემომყვანი ტურიზმი და ამ ფონზე ტურისტული კომპანიის ინტერესები ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებული არ არის.

"აქ არის მხოლოდ თვითგადარჩენისთვის ბრძოლა რამდენიმე თვის განმავლობაში და გეგმის ის ნაწილი, რომელიც ტურისტულ კომპანიებს ეთმობა, ესეც არის შეღავათები იმ გადარჩენილი კომპანიებისთვის, რომლებიც სამ თვეში გამოჩნდება, თუ რომლები იქნებიან", - განაცხადა ქეთი დოჭვირმა.