მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამედიცინო ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნის 90%-ს ადგილობრივი წარმოების ჟანგბადი ფარავს"

5fc4e88699718
ინგა მურუსიძე
30.11.20 22:45
771
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიით გამოწვეული ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნიდან - 80-ზე მეტი ტონიდან დღეში, პრაქტიკულად 90% უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადით იფარება.

მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პერიოდულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ერთვება იქ, სადაც ამის საჭიროება და პრობლემის ადგილობრივი წარმოებით გადაწყვეტის შესაძლებლობაა.

„პანდემიის პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ პირბადეების წარმოება. იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში პირბადეების მწვავე დეფიციტი იყო, ჩვენ დავეხმარეთ საწარმოებს, აეწყოთ ადგილობრივი წარმოება და მოსახლეობას პირბადეების დეფიციტი ავარიდეთ. ასევე ბიზნესი სწრაფად გადაეწყო და დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების, სამედიცინო კომბინიზონებისა თუ სამედიცინო სექტორისთვის საჭირო სხვა სახარჯი მასალების წარმოება. ახლა უკვე ვახდენთ ადგილობრივად წარმოებული ჟანგბადით სამედიცინო სექტორის მომარაგებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია - ორი დანადგარი უკვე დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, დეკემბერში კი საქართველოში დამატებით 6 დანადგარი შემოვა.

"ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის დახმარების მიზნით, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმადობის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტონა ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას", - თქვა თურნავამ.