მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამეგრელოში ახალ მარანს ავაშენებთ, სადაც იშვიათი კოლხური ჯიშების წარმოება გვექნება" - "საოჯახო მარანი ოდა"

627d1fe47a53e
მარიამ იზორია
12.05.22 22:40
1261
მარტვილში მდებარე „საოჯახო მარანი ოდას“ ღვინოები ახალ საექსპორტო ბაზარზე გავიდა. კომპანიამ ექსპორტი დიდ ბრიტანეთში განახორციელა.

როგორც "საოჯახო მარანი ოდას" დამფუძნებელმა bm.ge-სთან აღნიშნა, დაინტერესება ჩინეთსა და ტაივანიდანაც აქვთ, თუმცა მცირე წარმოების გამო მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. მისივე თქმით, მომავალი წლიდან ამ ბაზრებზე გასვლასაც განიხილავენ.

„ჩვენი წარმოება ნიშურია. საერთო ჯამში 6000 ბოთლს ვაწარმოებთ, თუმცა ეტაპობრივად ვფართოვდებით. დიდი ბრიტანეთი ღვინის მხრივ განვითარებული ბაზარია, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ქართული მცირე მეღვინეობის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, ამ მიმართულებით დიდი პერსპექტივა გვაქვს. „საოჯახო მარანი ოდას“ ღვინოები ნიუ-იორკის 15 შტატში იყიდება, მათ შორის ჩვენი ღვინო, ვაშინგტონში მიშლენის 2 ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში არის წარმოდგენილი. ჩვენი ვარდისფერი ოჯალეში ერთ-ერთი პლატფორმის სტატიაში საუკეთესო ღვინოების თორმეტეულში მოხვდა. საინტერესოა იაპონიაც, სადაც ქართული ქვევრის ღვინოების ბუმია, ამ ბაზარზე "საოჯახო მარანი ოდას" ღვინოებიც იყიდება“, - ამბობს საოჯახო მარანი ოდას დამფუძნებელი.

კომპანია გაფართოებაზეც მუშაობს. კერძოდ, „საოჯახო მარანი ოდა“ სამეგრელოში ახალ მარანს ააშენებს, სადაც იშვიათ კოლხური ჯიშების წარმოება იგეგმება.

„სამეგრელოში ახალ მარანს ავაშენებთ. უკვე მიწა შევიძინეთ. ადგილზე იშვიათი კოლხური ჯიშები გაშენდება. მომავალი წლიდან მარანში საწყისად შეძენილი ნედლეულის გადამუშავებას დავიწყებთ, შემდეგ უკვე 90%-ით ჩვენი ნედლეული გვექნება. უახლოესი 10 წლის გეგმებში ღვინის ტურიზმის განვითარება შედის“, - აღნიშნავს ქეთო ნინიძე.

ცნობისთვის: მარტვილში მდებარე საოჯახო მარანი ოდა დასავლეთ საქართველოს იშვიათი ჯიშის ღვინოებს, მათ შორის ოჯალეშს, ორბელურ ოჯალეშსა და იმერულ ძელშავს აწარმოებს. მარნის წლიური წარმადობა 6000 ბოთლი ღვინოა.