მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამი განაცხადია შემოსული" - მომხმარებლებმა კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვა დაიწყეს

636385a00a42d
ინგა მურუსიძე
03.11.22 16:39
496
1-ელი ნოემბრიდან ძალაში შევიდა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი და აღსრულების მექანიზმები, რომლის მიხედვითაც თითოეული მოვაჭრე, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეში ვალდებული იქნება მომხმარებელს სრული ინსტრუქცია ქართულ ენაზე მიაწოდოს, სადაც პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დაბრუნების პირობები და სხვა დეტალები იქნება გაწერილი. ასევე, კანონის თანახმად ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებულია გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ პირველი ნოემბრიდან, როცა კანონი ამოქმედდა, კონკურენციის სააგენტოში სამი განაცხადია შესული, მათგან ერთი ეხებოდა ონლაინ-ვაჭრობას, ორი ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევებს ტექნიკის მოხმარებასთან დაკავშირებით. „ჩვენი გუნდი მუშაობს, განიხილავს საჩივრების დასაშვებადობას და ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად განვიხილავთ რომელიმე საქმეს“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

მისივე ინფორმაციით, სტატისტიკა ყოველთვიურად გამოქვეყნდება.

რაც შეეხება კანონს, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მომხმარებელმა კონკურენციის სააგენტოს.

„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე კომპანიისგან ვერ მიიღებს საკმარის ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტზე, რომელსაც შეიძენს, შეუძლია მომართოს სააგენტოს, გარდა ამისა, შემოდის გარანტიების სისტემა, პირველი 6 თვის ვადაში კომპანიას მოუწევს მტკიცება, რომ პროდუქტი ხარვეზიანი არ იყო, ხოლო 6 თვის შემდეგ - მომხმარებელს. საკითხი ასევე მოიცავს უსამართლო კომერციულ პრაქტიკას, მომხმარებლის არასწორ ინფორმირებას, მოქალაქის შეცდომაში შეყვანას, პროდუქტის შემთხვევაში არასწორი ინფორმაციის მიწოდებას - ასეთი პრობლემების წარმოშობის დროს მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს. ძალიან ხშირად შემოდის ჩვენთან კითხვები, რომ მოქალაქემ შეიძინა ნივთი, მოიხმარა ეს პროდუქტი და მოხმარების შემდეგ, მე-13 დღეს აბრუნებს უკან ნივთს. ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში მოქალაქემ დეტალურად უნდა ახსნას თუ რა პროდუქტს ეხება ეს მიმართულება. კანონის მიხედვით არსებობს დათქმები, მაგალითად თუ პროდუქტს ეტყობა მოხმარების კვალი, თუ პროდუქტს დაკარგული აქვს პირველადი სახე და ა.შ. ასეთ შემთხვევაში მოვაჭრეს აქვს უფლება არ დაიბრუნოს, ან დაიბრუნოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. თუ ვერ შეთანხმდებიან მომხმარებელი და მოვაჭრე და საქმე გადმოინაცვლებს ჩვენთან, სწორედ ამ დეტალებს მივაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა ლექვინაძემ.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მოქალაქეს კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვა შეუძლია სპეციალური ფორმით, რომელიც ვებ-გვერდზეა ატვირთული.

„განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში კონკურენციის ეროვნული სააგენტო განიხილავს საქმის დასაშვებობას, ვეუბნებით მოქალაქეს, რომ მისი საქმე დაშვებულია, ხოლო ამის შემდეგ ერთი თვის ვადაში განვიხილავთ საქმეს და ვიღებთ გადაწყვეტილებას. თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქე მართალია, პირველ ეტაპზე ვაფრთხილებთ მოვაჭრეებს და ვავალებთ, რომ მოქალაქესთან მოაგვაროს პრობლემა, ხოლო თუ ამას არ გააკეთებს, განსაზღვრულია ჯარიმა. სააგენტო ეცდება, რომ გადაწყვეტილება იყოს კომპრომისული და საკითხი მოგვარდეს, რომ სანქცია აუცილებელი არ გახდეს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

როგორც ის განმარტავს, მაგალითად ტექნიკის, ან ფეხსაცმლის შემთხვევაში, საქმის განხილვის დასაწყებად აუცილებელია, რომ პრობლემა ეხებოდეს არა ერთ ნივთს, არამედ რამდენიმეს.

„ანუ თუ მაგალითად ადამიანმა შეიძინა ფეხსაცმელი და მეორე დღეს გაუფუჭდა, თუ ეს პრობლემა არ ეხება ბევრ ფეხსაცმელს, რომელსაც მოვაჭრე ყიდის, ამ შემთხვევაში საქმეს კონკურენციის სააგენტო არ განიხილავს“, - ამბობს ლექვინაძე.

მისი თქმით, კანონის აღსრულება დაცულია და კონკურენციის სააგენტო ეცდება მომხმარებლის უფლება იყოს დაცული, ხოლო მოვაჭრეები და ბიზნესი ინფორმირებული, თუ რა წესები არ უნდა დაარღვიონ.