ქართულ-ბრიტანული საგანმანათლებლო სტარტაპი Edumentors GITA-ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
ინფორმაციისთვის, Edumentors ქართველების მიერ გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ედტექ-სტარტაპია, რომელიც უცხოელმა ინვესტორებმა $5 მლნ-ად შეაფასეს. პლატფორმაზე სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ სასკოლო საგნებში, მათემატიკაში, ინგლისურში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში იმ სტუდენტებთან მოემზადონ, რომლებიც მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებში, მათ შორის კემბრიჯში, ოქსფორდში, ჰარვარდში, სტენფორდში სწავლობენ.
Edumentors-ის დამფუძნებელი თორნიკე ასათიანი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ სტარტაპი საქართველოში გაყიდვებისა და საოპერაციო მიმართულებით გუნდის შექმნას გეგმავს, GITA-ს გრანტიც სწორედ ამას მოხმარდება.
“GITA-ს გრანტს საქართველოში გაყიდვებისა და საოპერაციო მიმართულებით გუნდის შექმნისკენ მივმართავთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ კომპანიის ძირითადი საოპერაციო გუნდი საქართველოში იქნება. ახლა ძირითადად ბრიტანეთში ვართ.
პლატფორმა ოფიციალურად 2022 წლის იანვარს ჩაეშვა. დღეისთვის უკვე მომხმარებელი 8 ქვეყნიდან, მათ შორის პორტუგალიიდან, ემირატებიდან, შვედეთიდან გვყავს და აქტიურ გლობალურ გაფართოებას ვაპირებთ. ჩვენთვის მთავარი ბრიტანეთი და დიდი ბაზრებია. ზოგადად რეპეტიტორებზე დიდი მოთხოვნაა, ამას პანდემიამაც შეუწყო ხელი, რადგან ამ დროს სასკოლო სისტემის ხარვეზები უფრო თვალსაჩინო გახდა” - ამბობს თორნიკე ასათიანი.