მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამშენებლო ამნისტიის" შესახებ კანონპროექტი დაპაუზებულია - რაზე ვერ თანხმდებიან?

6062d032f1a83
ინგა მურუსიძე
01.04.21 19:55
2794
თბილისის მერიამ ჯერ კიდევ მარტში "სამშენებლო ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განმარტებით, კანონპროექტი მშენებლობების კუთხით სამ კონკრეტულ მიმართულებას მოიცავს:

1. სამშენებლო ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე;
2. მშენებლობებზე, სამუშაოების დარღვევებით წარმოებასა და ამ დარღვევების განმეორებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება;
3. ჯერ კიდევ ექსპლოატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობის ელექტრონერეგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება აიკრძალება;

კალაძის ინიციატივა უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მის განსახორციელებლად 7 კანონში უნდა შევიდეს ცვლილება. საკითხის განხილვა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით კონკრეტულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო კანონპროექტი დროებით დაპაუზდა.

„მშენებლობის ამნისტიის“ შესახებ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კანონპროექტის ავტორებთან ერთად, თბილისის მერიის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა მეტ-ნაკლებად, ყველა პოზიციის შეჯერებით არის წამოყენებული, თუმცა გარკვეული შენიშვნები ჯერ კიდევ რჩება.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტექნიკურ დეტალებზე, თუ როგორ აღსრულდებოდა კანონი უფრო ეფექტიანად ისე, რომ არ შექმნოდათ პრობლემა არც დეველოპერებს ამნისტიის ნაწილში და მომავალში არც მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღების ნაწილში. შევჯერდით მთელ რიგ საკითხებზე. დარჩა ერთი-ორი შეუჯერებელი საკითხი, რომელზეც მსჯელობა კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ესწრებოდა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორ ლევან ვეფხვაძე, რომელიც BM.GE-სთან საუბარში ორ საკითხზე საუბრობს, რომელზეც მისი თქმით, მსჯელობა გრძელდება.

„მთავარი პრობლემა არის 6-თვიანი ვადა, რაზეც ვერ ვთანხმდებით - ანუ კანონპროექტში წერია, რომ დეველოპერმა მერიაში ექსპლოატაციაში მისაღებად უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია და ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს საკითხი 6 თვის განმავლობაში უნდა განიხილოს, ხოლო თუ დოკუმენტაციაზე პასუხი არ მიიღო 6 თვეში, ეს ავტომატურად უარს ნიშნავს. ნორმა ძალიან მძიმეა, რადგან შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ დოკუმენტაციის წაკითხვა ვერ მოასწროს და ამის გამო კომპანია უარს მიიღებს. ჩვენ გვესმის მთავარი - კანონის მიზანი არის, რომ ყველა მშენებლობა, რომელიც კანონიერი იყო, უკანონო, კეთილსინდისიერი თუ არაკეთილსინდისიერი, უნდა მოხდეს მათი ლეგალიზება და სტანდარტებში მოქცევა“, -განმარტა ლევან ვეფხვაძემ.

პროექტის თანახმად, კანონის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში, შენობის ექსპლოატაციაში მიღების მოთხოვნით მერიას უნდა მიმართონ როგორც უკვე აშენებული შენობების მფლობელებმა, ისე ახალი პროექტების ავტორებმა. ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ არსებობს საფრთხე, შეიქმნას ე.წ. განაცხადების საცობი და მათი განხილვის პრობლემა შეიქმნება.

ლევან ვეფხვაძის თქმით, სავარაუდოდ 3 000-მდე პრობლემური მშენებლობაა და ამას ემატება დაახლოებით ამდენივე კერძო მშენებლობა, მათ შორის სახლები.

„ჯამში, პირველ ეტაპზე სავარაუდოდ 5-6 ათასი განაცხადი შევა და განხილვა პრობლემა იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ხედავს, რომ შენობა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, უნდა დაწეროს და მფლობელს ეს უთხრას - თუ დრო არ ჰყოფნის საკითხის შესასწავლად, შეუძლია, დრო დაიმატოს, თუმცა ბოლოს დეველოპერს რაღაც დოკუმენტი უნდა დაუწეროს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ კანონპროექტის ავტორებმა იციან ამ პრობლემის შესახებ და შეეცდებიან საკითხი დაარეგულირონ და ამაში მათ ბიზნეს ასოციაცია იდეებით დაეხმარება.

სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად ვეფხვაძეს მიაჩნია განხილვის ვადის გახანგრძლივება 9 თვემდე და ბოლოს დეველოპერისთვის წერილობითი პასუხის გაცემა, რომ კომპანიამ იცოდეს, რა არ გააკეთა სწორად.

პროექტის ავტორებსა და ბიზნესს შორის გამართულ შეხვედრაზე შეჯერდნენ, რომ სიტუაციიდან გამოსავალს მოიფიქრებენ და მომდევნო შეხვედრაზე პოზიციებს შეაჯერებენ.

„კანონპროექტში გაურკვევლობას ქმნის კიდევ ერთი საკითხი - ელექტროენერგიის მიწოდება. ანუ მშენებელი ისევე, როგორც აქამდე რემონტისას ბინის მფლობელს მიაწვდის ელექტროენერგიას, უბრალოდ ეს ხდება კომერციული ტარიფით. აქ უხერხულობა არის, რომ 1 იანვრიდან კომერციული ტარიფი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქ ასევე პრობლემა არის კერძო სახლების შემთხვევაში, იქ როგორ მოხდება? აქაც შეიძლება უხერხულობა შეიქმნას და შევთანხმდით, რომ კერძო სახლების მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა დაირეგისტრირონ სახლი და ელექტროენერგია მომხმარებლის ტარიფით მიიღონ. ამაზე თითქოს შევთანხმდით, ყოველ შემთხვევაში მიიღეს და იციან რა უხერხულობა შეიძლება შეიქმნას“, - ამბობს ვეფხვაძე.