მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამშენებლო მასალებში მონოპოლიაა...ცემენტის მწარმოებელი ერთია“ - რა პროექტები შეაჩერა ჩოჩელმა?

5f5cb2ecae3e2
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.20 16:06
998
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი გადაცემა Forbes Talks-ში იმ ბიზნესებს ასახელებს, სადაც მას და მის პარტნიორებს ინტერესები ჰქონდათ.

მისი თქმით, ბევრი ბიზნეს პროექტი გაჩერდა, დანარჩენები კი ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად განაგრძობენ საქმიანობას.

„ბევრი საინტერესო პროექტი გვქონდა, რომელიც დღეისთვის გაჩერებულია: ეთერზეთების, კონცენტრატების, ცემენტის წარმოებები... დღეისთვის ყველაფერი გაჩერებულია, არსებული პრობლემებიდან გამომდინარე.

დღეისთვის მუშაობს - ზედაზენი, ბარამბო და მიქსორი, რომლის ძირითადი მიმართულება სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების წარმოებაა, მაგრამ როგორც ზედაზენში, ანალოგიურად სხვა ბიზნესებში, ფინანსური პრობლემებია“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

მან აქცენტი სამშენებლო მასალების წარმოების მიმართულებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ბაზარი მონოპოლიზირებულია.

„პრობლემები ყველგან თითქმის ერთიდაიგივეა, თუ ზედაზენში უცხოურ ნედლეულზე ვართ დამოკიდებული, სამშენებლო მასალების წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულია, მაგრამ ფაქტობრივად მონოპოლიზირებულია ეს მიმართულება... ცემენტის მწარმოებელი ერთია“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

კითხვაზე ბაზრის დემონოპოლიზაციისთვის საჭიროა თუ არა სახელმწიფოს ჩართულობა, ბიზნესმენი აცხადებს: „ბიზნესიც ცოტა უფრო მეტად უნდა იყოს აქტიური, რომ დემონოპოლიზაცია მოხდეს. ვფიქრობ, რომ დასავლეთ საქართველოში რა პროექტიც გვქონდა ცემენტის წარმოების მიმართულებით ბოლომდე უნდა განვახორციელოთ, რაც შექმნის პროდუქციას რომლის ექსპორტიც მოხდება. დღეს, ქვეყანაში 2019 წლის მონაცემებით, ცემენტის და ცემენტის მასალების საკმაოდ სოლიდური თანხის იმპორტს ვახორციელებთ... ეს წარმოება კი პირველ რიგში, იმპორტის ჩანაცვლების საშუალებას მოგვცემდა და ჩვენ შევქმნიდით საექსპორტო პროდუქტს. არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც აურაცხელი რაოდენობის კირქვა მოიპოვება, დამუშავებული კირქვა საზღვარგარეთიდან შემოგვქონდეს“, - განაცხადა ჩოჩელმა და დასძინა: „დღეს ყველა მწარმოებელი ერთ კომპანიაზეა ჩამოკიდებული“.