მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს "-რა ცვლილებები იგეგმება შრომის კოდექსში?

5ebbf70fcd8de
ინგა მურუსიძე
13.05.20 18:10
5166
დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, - ამის შესახებ დეპუტატების დიმიტრი ცქიტიშვილისა და სოფიო კილაძის მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტში არის საუბარი, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. 

კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. მასში ნათქვამია, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი პროფესიების ჩამონათვალს.

მსგავსი შინაარსის კანონპროექტის ინიცირება დიმიტრი ცქიტიშვილმა წარსულშიც განახორციელა, მაშინ პროექტს არც ბიზნეს გაერთიანებების, არც მთავრობის და არც დეპუტატთა მხარდაჭერა არ მოუპოვებია. 

2019 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ BMG-ის კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მხარს, დეპუტატების მიერ წარდგენილ მსგავს ინიციატივას მთავრობა მხარს, განაცხადა, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე მსგავსი მასშტაბის ცვლილება არ განხორციელდებოდა. 

ამასთან, კანონპროექტში კიდევ რამდენიმე პუნქტია ჩამოთვლილი:

სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

სამუშაო დღის განმავლობაში, როდესაც სამუშაო დრო აღემატება 6 საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება. შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.

დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და დღის განმავლობაში 6 საათს.

14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და დღის განმავლობაში 4 საათს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს უფლება აქვს, დასვენების დღეების გარდა, თვეში ერთხელ ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით ან დამსაქმებელთან შეათანხმოს შინაგანაწესისაგან განსხვავებული სამუშაო დრო.

დამსაქმებელი ვალდებულია ყოველდღიურად აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით და ნამუშევარი საათების აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა თუ სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტი შეინახოს 1 წლის განმავლობაში. სამუშაო დროის აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ (შემდგომ – მინისტრი), სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად.