08.მარტი .2021 23:40

"სანამ დროა სამშენებლო სექტორს მიაქციეთ ყურადღება" - ლევან ვეფხვაძე

"სანამ დროა სამშენებლო სექტორს მიაქციეთ ყურადღება" - ლევან ვეფხვაძე
views 910
უკან

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ სამშენებლო სექტორის პრობლემებზე ისაუბრა. ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ სანამ დროა, სამშენებლო სექტორს უნდა მიექცეს ყურადღება. ცნობისთვის, მანამდე სექტორის პრობლემები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.  

„სამშენებლო სექტორში რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა. ერთ-ერთია ის სამშენებელო კომპანიები, რომლებიც ტენდერებში შედიან და ინფრასტრუქტურულ პროექტებში არიან ჩართულები, სხვა მიმართულებაა დეველოპმენტი და იქ არსებული პრობლემები. რეალურად როდესაც პრობლემებზე ვისაუბრეთ, დაისვა კითხვა ვის ველაპარაკოთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ გვყავს ერთი მაკოორდინირებელი სახელმწიფო სტრუქტურა, ვისაც შეიძლება ყველა ამ პრობლემაზე ერთობლივად ვესაუბროთ.

ჩვენ პრობლემების ინვენტარიზაცია მოვახდინეთ, უახლოეს დღეებში ვაპირებთ, შესაბამის უწყებებთან მისვლას და მათთან ჯერ სამუშაო ჯგუფის ფორმატში დალაპარაკებას, შემდეგ კი იმედი გვაქვს, რომ ერთი დიდი შეხვედრა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები და ასევე ყველა უწყება, ვისაც ეს ეხება და იქნება ძალიან ღია პროფესიული დისკუსია ყველა იმ თემაზე, რომლებიც კომპანიებს აწუხებთ“, - დასძინა ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ლევან ვეფხვაძემ ასევე ის ძირითადი პრობლემები გამოყო, რის წინაშეც სამშენებლო კომპანიები დღეს დგანან. მისივე თქმით, პრობლემებს შორის არის გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები დეველოპერული კომპანიებისთვის, ვინაიდან მას შემდეგ, რაც იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა გასული წლის ბოლოს დასრულდა, გაყიდვებმა იკლო, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია სამშენებლო კომპანიებზე.

გარდა ამისა, ვეფხვაძემ ისაუბრა დეველოპერულ საქმიანობაში Escrow ანგარიშის დანერგვის სახელმწიფო პროგრამაზეც, რასაც ასევე ნეგატიური გავლენა ექნება დეველოპერულ სექტორზე.

„სახელმწიფო ითხოვს, რომ დეველოპერმა წარმოადგინოს სამშენებლო გარანტიები. ამ გარანტიების დამატება ხომ ფასზე აისახება. ეს ხომ ელასტიური პროდუქტია, განსხვავებით პურსა და პირველადი მოთხოვნის საგნებისგან, სადაც ფასის ცვლილება 10%-20%-ით შეიძლება გაყიდვებზე გავლენას ვერ ახდენდეს. სამშენებლო სექტორში კი 5-10%-ით ზრდა გაყიდვებს პირდაპირ ურტყამს. ამ პირობებში, როდესაც კომპანიებს ისედაც უჭირდა და ითხოვდნენ სუბსიდირებას, ამ დროს ვეუბნებით რომ გარანტია უნდა წარმოადგინოთ, რომელიც აისახება ფასზე და ეს იქნება საბოლოოდ მომხმარებლის გადასახდელი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც უნდა ამოქმედდეს სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არანაკლებ 20%-ის Escrow ანგარიშის გამოყენებით რეალიზაციის ვალდებულება, რაც მომხარებლისთვის სამშენებლო პროექტის დასრულების ერთგვარ გარანტიას უზრუნველყოფს.

ლევან ვეფხვაძის თქმით, ის ამ პროგრამას ემხრობა, თუმცა, ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ მტკივნეული არ იყოს სექტორისთვის.

გარდა ამისა, ვეფხვაძემ ყურადღება გაამახვილა გასული წლის 31 მარტს ამოქმედებულ დადგენილებაზე, რომლითაც ხელისუფლება ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობენ, ხელშეკრულების ღირებულების 10% ან 20%-ით გაზრდას სთავაზობს.

„საბოლოო ჯამში ამან ვერ იმუშავა და არ მუშაობს. დავსხდეთ ერთად და დავილაპარაკოთ“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.

ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა „საქმის კურსში“ გამოსავლის გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი არ არის იმის ფუფუნება რომ შეიქმნას ცალკე უწყება სამშენებლო სექტორის პრობლემების მოგვარებისთვის, მაშინ უნდა შეიქმნას სამუშაო უწყებათაშორისი საბჭო, სადაც შევლენ ისეთი უწყებების წარმომადგენლები, როგორიცაა ეკონომიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესყიდვების სამსახური, მუნიციპალიტეტები და ა.შ.

„არ შეიძლება სექტორი ასე მივატოვოთ. თუ კომპანიებმა დეფოლტი გამოაცხადეს, ეს ალბათ იქნება ქართული ეკონომიკის აფეთქება, ამიტომ მივაქციოთ ყურადღება, თორემ შემდეგ შეიძლება გვიანი იყოს“, - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა