მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად ეკონომიკურ ოპერატორებთან მუდმივი კონსულტაციებია"

63d22b944ec8f
BM.GE
26.01.23 11:33
528
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუდმივი კონსულტაციები ეკონომიკურ ოპერატორებთან პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად. მისივე თქმით, სანქციების აღსრულების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან, კომპეტენტურ უწყებებთან, ევროკომისიის DG TAXUD-თან, ევროკავშირის კრიზისების მართვის გუნდთან და პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის 2-მა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა ექსპერტის სერტიფიკატი.

„ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგი სახეზეა - მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1000-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 500-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. როგორც უკვე აღინიშნა, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, გემებისა და გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.

გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დეტალურად გაცნობოდნენ ტვირთების კონტროლის პროცედურებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, სადაც მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს და თითოეულ მებაჟე ოფიცერს, რომლებიც ამ წუთებშიც და 24 საათის განმავლობაში, ახორციელებენ ეფექტურ საბაჟო კონტროლს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ლიდერია რეგიონში საჯარო სექტორის გამჭვირვალობის კუთხით და საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ სტატისტიკა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

„ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ცხადია, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. შესაბამისად, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობისათვის. ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბური სანქციების ეფექტური აღსრულება, შეუძლებელია მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე. ამ მიმართულებით, კიდევ არსებობს გაუმჯობესების რესურსი, რეალურ დროში ინფორმაციის გაცვლის ისეთი საერთაშორისო ინსტრუმენტების შექმნით, რომლითაც ერთი მხრივ, სრულად მოხდება მიწოდების სრული ჯაჭვის კონტროლი, ხოლო მეორე მხრივ, ხელი არ შეეშლება ლეგიტიმური ვაჭრობის განვითარებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.