მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საოცნებო მიზანთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ, მეორე მხარეს კი, რუსული უფსკურულია“ - ინტერვიუ

6477599b5c606
თელარა გელანტია
01.06.23 00:05
863
„არსებობს თუ არა საქართველოში რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად, ორმაგი დანიშნულების ტვირთის რუსეთის ფედერაციაში შეტანა არის დანაშაული ან ექვემდებარება კონფისკაციას?!“ - ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დაცვას შეეხებოდა.

- მიუხედავად პრემიერ-მინისტრის თუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებისა, საქართველოში სანქციების დარღვევა არ დაფიქსირებულა... რატომ გაქვთ კითხვები?

- პირველივე გარიგება, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა, კომპანია „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელ, სანქცირებულ მეწილეს მიხაილ ფრიდმანს უკავშირდებოდა - სანქციებისგან რომ ეხსნათ, სახელმწიფო შევიდა „ბორჯომის“ წილში, რათა ფრიდმანს წილი შეემცირებინა... „სანქცირებული“ მარტივი სიტყვაა არაა, ეს კარგად უნდა გვესმოდეს. „სანქცირებული“ ადამიანი ნიშნავს პირს, რომელიც თავის ფინანსებს მოახმარს რუსულ ჯარს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიას, უკრაინელი ქალების, ბავშვების და მოხუცების ხოცვას...

- სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობისთვის ეს არავის ჩაუთვლია სანქციებისთვის გვერდის ავლად და თან გვახსოვს, ხელისუფლების განცხადებებიც იმის თაობაზე, რომ „ბორჯომი“ ეროვნული ბრენდია, რომ ქარხანაში დასაქმებულებზე იზრუნეს...

- არსებობს მილიონი მექანიზმი, როგორ შეიძლება კომპანია არ გაჩერდეს - დაენიშნათ დროებითი მმართველი და ა.შ.

- ამით იმის თქმა გსურთ, რომ „ბორჯომზე“ და იქ დასაქმებულებზე მეტად მთავრობა სანქცირებულ ფრიდმანს დაეხმარა?

- რა თქმა უნდა, პირველ რიგში... „ბორჯომის“ გაყიდვები რომ გაიზარდა ის მოგება სად მიდის, დასაქმებულებთან?! კარგად გვესმის ხომ ყველაფერი...

- თუმცა ეს გარიგება საქართველოს სანქციების დარღვევად არ ჩათვლია...

- ვნახოთ... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს თუ არა საქართველოში რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად, ორმაგი დანიშნულების ტვირთის რუსეთის ფედერაციაში შეტანა არის დანაშაული ან ექვემდებარება კონფისკაციას?! - არა. იმ ადამიანებს, ვისაც აზრი მოეკითხება, ტექნოკრატები არიან და ურთიერთობა აქვთ ჩვენს დონორებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, კომერციულ საბანკო სექტორთან და ა.შ. კარგად ესმით ის საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. თუ საქართველო გადავიდა იმ უფსკრულისკენ, საითაც მიექანება, ერთი ნაბიჯი უკლია, რომ როგორც ქვეყანას დაუწესდეს სანქციები. თუ ეს მოხდა, ერთ დღეში დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყნის ფინანსური თუ მონეტარული სტაბილურობა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სანქცირებულ ბელარუსად გადავიქცეთ, ამ ადამიანებს ეს არ ესმით. არც არავინ ეკითხება რეალურად ამ ამბავს, თორემ ხო შეიძლება ელემენტარული ანგარიშვალდებულება ჰქონდეთ თუნდაც ამომრჩეველთან... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, უკრაინა-პოლონეთის ალიანსია - უკრაინის აღორძინებისთვის მილიარდობით დოლარი დაიხარჯება და დასჭირდებათ ლოგისტიკური, საგზაო, სამშენებლო კომპანიები, სადაც შეგვიძლია ჩავერთოთ და ვიყოთ ამ დიდი აღმშენებლობის ნაწილი თუ გვექნება ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც უნდა გვქონდეს.

- ბეწვის ხიდზე გადის დღეს ქვეყანა...

- ვფიქრობ, კარგად გვესმოდეს, რომ ერთ მხარეს გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, რადგან ასე ახლის ჩვენს საოცნებო მიზანთან არასდროს ვყოფილვართ, მეორე მხარეს კი, რუსული უფსკრული და ჭაობია, რომელიც მოდის უფასო ყველის შეფუთვით და ამას რუსეთი რომ გვიფუთავდეს, კიდევ არა უშავს, მაგრამ საკუთარი ხელისუფლება რომ გვიფუთავს, ეს არის უბედურება.

- და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირმა საქართველოს უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი?

- ჩვენ ნამდვილად გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, რადგან სტატუსის არქონა მნიშვნელოვნად შეაფერხებს პროცესებს და უფრო მტკივნეულ ფაზაში გადაგვიყვანს. უნდა ესმოდეს ყველას, რომ ჩვენ გვინდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და კოალიციური მთავრობის მოსვლა, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან, სადაც იქნება ძალთა ბალანსი და სადაც ერთი კაცის უკანონო ეზო არ იქნება მთელი ქვეყანა, სადაც სასამართლო იქნება დამოუკიდებელი... დღეს რას ჰგავს ან პარლამენტი ან აღმასრულებელი ხელისუფლება?! მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დაგვაშოროს ევროპას და ვიყოთ რუსულ ორბიტაზე, რომელსაც გვასაღებენ როგორც სტაბილურობას და სინამდვილეში ეს არის უზარმაზარი საფრთხე და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.