17.იანვარი .2020 15:00

"საპარტნიორო ფონდს უნდა შეეძლოს დაფინანსებების მოძიება უცხოეთიდან" - დავით საგანელიძე

views 485
უკან

საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტის კმაყოფაზე არ უნდა იყოს, - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტრუქტურით ფონდს უნდა შეეძლოს დაფინანსებების მოძიება უცხოეთიდან.

„ალბათ პირველივე დღიდან, რაც მე საპარტნიორო ფონდში ვარ, გამოვდივარ ინიციატივით, რომ მოხდეს საპარტნიორო ფონდის სტრუქტურული რეფორმირება. დღეს ფონდს აბსოლუტურად სხვა გამოწვევები აქვს. ჩემი აზრით, სტრუქტურული რეფორმა აუცილებელია ამისთვის. წლის პირველ ნახევარში უნდა გავატაროთ ახალი სტრუქტურული რეფორმა. რაც შეეხება იმ სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც ფონდის შვილობილ კომპანიებად ითვლება და ფონდი აბსოლუტურად არ ერევა მათ მართვაში, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად შეცვლილი. ვფიქრობ, რომ გაზისა და ნავთობის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა, რკინიგზა, არის ეკონომიკის სამინისტროს მართვის ქვეშ და არ უნდა ითვლებოდნენ ფონდის შვილობილ კომპანიებად“, - განაცხადა საგანელიძემ.

ის მიიჩნევს, რომ ფონდი უნდა ზრუნავდეს იმ ამოცანების გადაწყვეტაზე, რაც მას აქვს - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რეგიონების განვითარება და ა.შ.  

„ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შვილობილი საწარმოებით ფინანსდება ფონდი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფაქტიურად არ დაფინანსებულა, რადგან ამ საწარმოებს აქვს თავიანთი პრობლემები, თავიანთი გეგმები. მეორე მხრივ, მე მიმაჩნია, რომ ფონდი ამ სტრუქტურით ბიუჯეტის კმაყოფაზე არ უნდა იყოს და ფონდი თავად უნდა ახერხებდეს, რომ მოიძიოს ფინანსური სახსრები უცხოეთიდან კრედიტის თუ თანადაფინანსების სახით. არ არის აუცილებელი საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტს დააწვეს“, - განაცხადა საგანელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა