29.აგვისტო .2019 13:33

"საპარტნიორო ფონდს" გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს დელეგაცია ეწვია

views 132
უკან

"საპარტნიორო ფონდს" გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს დელეგაცია ეწვია, ინფორმაციას ამის შესახებ თავად ფონდის პრესსამსახური ავრცელებს. ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის ექსპორტ-იმპორტის განვითარებასა და საქართველოს, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ფონდის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს გუანჭოუში საქართველოდან ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობად ქართული სავაჭრო სახლის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. 

ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობა სწრაფი ტემპით ვითარდება, "თუმცა ჩინეთში ერთობლივი ბიზნეს პროექტების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ზონის მთავრობის საგამოფენო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჩენ ჭუნციუმ მოაწერეს.

„საქართველოში გუანჭოუს ხელისუფლების დავალებით ვიმყოფებით, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი პერსპექტიულია. ვთვლით, რომ თქვენი ქვეყანა ევროპის ბაზრის გასაღებია და ამ ფაქტს პოზიტიურად ვაფასებთ. „საპარტნიორო ფონდი“ ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება, ამიტომ კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებებს ვამზადებთ“, აღნიშნა შეხვედრაზე ჩინეთის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ზონის მთავრობის საგამოფენო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა. დელეგაციის ხელმძღვანელმა „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით ქართველი მეწარმეები 2020 წლის 16-19 აპრილის საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა