მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპოლიციო გამოსახლება" უნდა აღდგეს? - "ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო“

633956e994edf
თელარა გელანტია
03.10.22 19:30
1580
„საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება, ჩემი აზრით, არ იყო სწორი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, ახალი პარლამენტი გადახედავს ამ ინიციატივას, რომ უფრო მეტად მოქნილი გახდეს საქართველოში ბიზნესის კეთება", - ეს განცხადება კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ 2016 წლის ოქტომბერში გააკეთა. მაშინ ის „ქართული ოცნების“ სიით, დიდუბის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. ილია წულაიას ამ შეფასებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მალევე ის პარლამენტის წევრი გახდა, მაგრამ ფაქტია, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენა თუ უფრო „მოქნილი“ ფორმით დაბრუნება ვერ შეძლო, დიდი ალბათობით, პარტიაში თანამოაზრეების ნაკლებობის გამო.

რამდენიმე კვირის წინ ილია წულაია BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ის სტუმარი იყო, სადაც ყოფილ დეპუტატს და „არქის“ დამფუძნებელს კითხვები ამ თემაზე დავუსვით, რადგან რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, საქართველოში გაზრდილი მიგრანტების ფონზე „საპოლიციო გამოსახლების წესის“ აღდგენის შესახებ კითხვები უფრო და უფრო ხშირად ისმის. საქმე ის არის, რომ უძრავი ქონების ექსპერტები და იურისტები უკვე საუბრობენ რისკებზე და არის გარკვეული მაგალითებიც, როდესაც პირები ქირაობენ ბინას ან კომერციულ ფართს, შემდეგ არ იხდიან ქირის ფულს, მაგრამ არც უძრავ ქონებას ტოვებენ; კანონიერ მესაკუთრეს კი არ აქვს ბერკეტი, რომ კუთვნილი ქონება ოპერატიულად დაიბრუნოს, რადგან ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმების შემდეგ, ეს მხოლოდ სასამართლოს გზითაა შესაძლებელი, სადაც საქმის წარმოება ხშირად წლების განმავლობაში ჭიანურდება.




- „საპოლიციო გამოსახლების წესის“ გაუქმებას თქვენ შეცდომა უწოდეთ 2016 წელს, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი იყავით. შემდეგ პარლამენტარი გახდით, მაგრამ არაფერი შეცვლილა. რატომ - ვერ აიყოლიეთ თანაგუნდელები?

- მაშინ მახსოვს საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა განცხადებამ..

- ელექტორატისთვის არაპოპულარული იყო და ამ მიზეზით?

- მე სუფთა პრაგმატული, რაციონალური განცხადება გავაკეთე.

- გაგიწყრნენ პარტიაში?

- პარტიაში არა... არასწორი გამოხმაურება მოჰყვა...

- ფაქტია, ვერაფერი შეიცვალა - საპოლიციო გამოსახლების წესი არ აღდგა...

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერ შეიცვალა..

- არადა შეგეძლოთ - საპარლამენტო უმრავლესობაში იყავით...

- ერთხელ ხომ გავაკეთე ამ თემაზე განცხადება და მეორედ მაგ თემაში არ შევალ.

- დღეს ბიზნესმენი ხართ და შესაბამისად, შეფასებაშიც - უფრო თავისუფალი.

- მე მაშინაც თავისუფალი ვიყავი.

- პარტიაში და ზოგადად, პოლიტიკაში ყოფნა ხომ გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს - ეს ვიგულისხმე...

- დიახ, ბევრი ფაქტორის გათვალისწინება ხდება, მაგრამ სათქმელს სულ ვამბობდი;

- მითუმეტეს საკუთრების უფლების დაცვა ხომ უმთავრესია?!

- დიახ, საკუთრების უფლება არის უმნიშვნელოვანესი.

- ამდენად, უნდა აღდგეს თუ არა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი?

- უნდა დაიხვეწოს.. მე მაშინაც ვამბობდი, რა პრობლემები შეიძლებოდა წარმოეშვა ამ პროცესს და რასაც მაშინ ვვარაუდობდით, სამწუხაროდ, ზუსტად ისე მოხდა - არაკეთილსინდისიერი მოიჯარის თუ დამქირავებლის თუ მოთაღლითო პირების მიერ მოხდა გამოყენება - უძრავ ქონებაში შედიან, ფულს არ იხდიან და მათი გამოსახლება <ოპერატიულად ვერ ხდება>....

- კანონის დახვეწა როგორ წარმოგიდგენიათ?

- ახლა ამ საკითხზე იფიქროს მიმდინარე პარლამენტმა.

- თქვენც ხომ გაქვთ ნაფიქრი, მაგრამ ვერ შეცვალეთ.

- დიახ, ვიფიქრე, მაგრამ ჩემმა მოსაზრებამ მაშინ მხარდაჭერა არ ჰპოვა. საზოგადოებრივი აზრი იყო საწინააღმდეგო და მოსახლეობას არ ჰქონდა იმის მოთხოვნილება, რომ ეს გაკეთებულიყო. შესაბამისად, მე ჩავთვალე რომ ეს არ იყო საზოგადოებრივი დაკვეთა და ჩავეხსენი, თუმცა დრომ დაადასტურა, რომ ეს უნდა დახვეწილიყო და თავის დროზე გამოსწორებულიყო... დღეს უკვე ნეგატიურ შედეგს ვიღებთ ამ რეგულაციის გამო და ეს როგორ უნდა გადაწყდეს, ამაზე დღევანდელმა პარლამენტმა იფიქროს და გადაწყვიტოს.

- არაპოპულარული, მაგრამ საჭირო ნაბიჯებია გადასადგმელი.

- დიახ, ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა საჭიროა, რათა რაღაცეები გაკეთდეს უკეთესად, რა თქმა უნდა, არ არსებობს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც 100%-ით ყველას მოსწონს, ამიტომ რაც ანალიზის საფუძველზე სწორია, ის უნდა გაკეთდეს.