მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო რუსეთში ძირითადად არა რუსულ, არამედ საერთაშორისო კომპანიების პროდუქციას ყიდულობს"

6225f4b5749f9
სალომე მეცხვარიშვილი
07.03.22 23:17
1196
რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანაჯგალაძე განმარტავს, რომ საქართველო რუსეთიდან არა რუსულ, არამედ საერთაშორისო კომპანიების პროდუქციას ყიდულობს, რომელიც რუსეთში იწარმოება.

საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება გამოწვეულია არა იმით, რომ რუსულ პროდუქტებს ვყიდულობთ, არამედ იმ გარემოებით, რომ საერთაშორისო კომპანიები ოპერირებენ რუსეთიდან, იქ აქვთ საწარმოები და ოფისები, საქართველო კი სწორედ მათი პროდუქციის იმპორტს ახორციელებს - ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ბაზარს საერთაშორისო კომპანიები რამდენიმე მიზეზის გამო ირჩევენ, მათ შორისაა ბაზრის ზომა, იაფი მუშახელი, ნედლეულზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. აქედან გამომდინარე მირანდა მანჯგალაძე ამბობს, რომ ბიზნესი პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებს და აქ პოლიტიკას მინიმალური როლი აქვს. მისივე განმარტებით, რუსეთიდან ლოგისტიკაც ბევრად იაფი ჯდება. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო არაერთმა საერთაშორისო ბრენდმა უარი თქვა რუსეთის ტერიტორიაზე ოპერირებაზე, ახლა კი სხვა ლოკაციებს ეძებენ დასაფუძნებლად. მირანდა მანჯგალაძე ამბობს, რომ გადალაგების შემდეგ პროდუქტები სავარაუდოდ გაძვირდება.  

“საერთაშორისო კომპანიებმა დაკეტეს რუსეთში საწარმოები, ახლა გადადიან სხვაგან, ამას კი დრო სჭირდება. როცა ისინი გადავლენ ალტერნატიულ ლოკაციაზე - ჩვენც გადავალთ სხვაგან, მაგალითად ევროპაში.

მე მივესალმები ამას, მაგრამ ევროპაში ბიზნესისთვის დახვედრილი სახარჯი სტრუქტურა აძვირებს(ხელფასი, იჯარა და ა.შ.) თვითღირებულებას. შესაბამისად, როცა საერთაშორისო კომპანიები რუსულ ორბიტას მოწყდებიან, მოსალოდნელია პროდუქციის გაძვირება…

ბიზნესი იღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას - სადაც იაფია, იქ იწარმოება პროდუქცია. ვსაუბრობთ ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა “მარსი”, “სნიკერსი” და ა.შ. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ეს პროდუქტები რუსეთში იწარმოება, არადა საერთაშორისო კომპანია აწარმოებს”,- აცხადებს მირანდა მანჯგალაძე.