02.სექტემბერი .2020 12:23

"საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შეუკვეთა და დამტკიცებისთანავე ის ხელმისაწვდომი იქნება"

views 479
უკან

საქართველომ, დაახლოებით, 700 ათასი ადამიანის ასაცრელი მასალა შეუკვეთა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ვაქცინების გლობალურ ალიანსში განაცხადი უკვე გაკეთებულია.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსული ინფექცია კიდევ წელიწადზე მეტ ხანს არ დამთავრდება და ინფექციასთან ერთად ცხოვრებას ყველა უნდა მიეჩვიოს. 

„რაც შეეხება ვაქცინას, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე იყო სერიოზული მსჯელობა. უკვე 31 აგვისტოს გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებულია კოვიდის პროგრამაში მონაწილეობით. შეკვეთილია პროდუქცია მოსახლეობის 20%-ის მოცვით, საუბარია დაახლოებით, 700 000 ადამიანის ასაცრელ მასალაზე, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის, როცა ვაქცინა დამტკიცდება. 18 სექტემბერს უკვე გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბერს გადაირიცხება პირველი შენატანი, რაც იქნება იმის გარანტია, რომ როცა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოების, მათ შორის ჯანმოს მიერ ვაქცინა დამტკიცდება, ის ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. პირველ რიგში კი, რისკ ჯგუფებისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
.