მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და USAID-ს შორის მემორანდუმი გაფორმდება

5e53f4e30c096
BM.GE
24.02.20 21:20
1184
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხელმოწერის ცერემონიალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 26 თებერვალს, 10:00 საათზე გაიმართება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი თამარ არჩუაძე და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ასევე ინვესტორების მოძიების კუთხით.

მემორანდუმის ფარგლებში USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დაეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის აეროპორტის პერსონალის უნარჩვევების განვითარებაზე. თანამშრომლობის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული მგზავრის საჭიროებებზე და ამ მიმართულებით დააკმაყოფილებს აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობა, ასევე დაკავშირებულია დამატებით ინიციატივებთან იმერეთის რეგიონში, მათ შორის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში დასაქმებულის უნარების განვითრებასთან და ზოგადად, ტურიზმის განვითარებასთან, რაც ბაზარზე ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია შექმნას კონკურენტუნარიანი ეკო სისტემა საქართველოს თითოეულ რეგიონში, განავითაროს ადგილობრივი სერვისები და პროდუქტები მის პრიორიტეტულ სექტორებში მომავალი ინტერვენციებისთვის. იმერეთის რეგიონში უნარ-ჩვევების განვითარების, მარკეტინგისა და ინვესტიციების ხელშეწყობით, პროგრამა საზოგადოებასა და კერძო სექტორებს დაეხმარება განავითარონ კონცეფცია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის გზით. მსგავსი ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ ქუთაისის აეროპორტში საერთაშორისო დონეზე დატრენინგებული და სერტიფიცირებული თანამშრომლები იქნებიან დასაქმებულები.