მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, „იფქლი“ ახალ საწარმოს აშენებს

5fec4f91c182e
ვიქტორია მღებრიშვილი
30.12.20 14:35
915
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს და ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, პურფუნთუშეულის საწარმო „იფქლი“ ფართოვდება.

როგორც BM.GE-ის საქართველოს ბანკიდან აცნობეს, ბანკის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციით კომპანია ახლა უკვე ქუთაისში ახალ საწარმოს აშენებს, რომლის გახსნაც 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ევროპული ტიპის საწარმო 140 ადამიანს დაასაქმებს. გარდა პურისა, „იფქლი“ მომხმარებელს 75-მდე სახეობის პურფუნთუშეულსაც სთავაზობს, რომლითაც თბილისის თითქმის ყველა მაღაზია მარაგდება. „იფქლის“ პროდუქცია ასევე აქტიურადაა წარმოდგენილი რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ქუთაისში.

აღსანიშნავია, რომ ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და პროდუქცია ბუნებრივი საფუარის გამოყენებით, უკონტაქტოდ ცხვება.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამონაწილეობით „იფქლს“ სულ მალე ახალი საწარმო შეემატება. უკვე მრავალი წელია კომპანია მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ხარისხის პურფუნთუშეულს აწვდის. მის ხარისხზე მეტყველებს მრავალი ჯილდოც, რომელიც „იფქლმა“ განსაკუთრებული მიღწევებისათვის მოიპოვა. ახალი საწარმოს მეშვეობით კომპანია კიდევ უფრო გააფართოვებს წარმოებას და ამავდროულად 140-მდე ადამიანს დაასაქმებს. ჩვენი მიზანი სწორედ მეტი მსგავსი პროექტის ხელშეწყობაა, რათა მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმოეებს და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ ქოქოსაძემ.

ცნობისთვის, კომპანია „იფქლის“ ისტორია 1993 წლიდან იწყება, მისი მისია კი საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის მიწოდებაა.