მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს EU-ს გზაზე ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი“ - EBRD-ის რეგიონული დირექტორი

629f594d6f829
ვიქტორია მღებრიშვილი
07.06.22 18:00
778
ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა იყო განხილვის მთავარი თემა ინვესტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ინვესტორთა საბჭოს სხდომას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენიც ესწრებოდა. მან საქართველოში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყანაში ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, ინვესტორთა საბჭოს კი ამ მხრივ დიდი ექსპერტული რესურსი გააჩნია.

„სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი საკითხი ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგით ასე იყო ფორმულირებული - როგორ შეიძლება ინვესტორთა საბჭო დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე? ამ მიმართულებით ბევრი რამ აქვს ქვეყანას გასაკეთებელი, ხოლო ინვესტორთა საბჭოს დიდი ექსპერტული რესურსი გააჩნია. დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას ნებისმიერი სახით, რითაც შევძლებთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღსანიშნავია. საინტერესო სანახავია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოში სურთ ბიზნესის გახსნა ან გადმოტანა. ბევრი ადგილობრივი კომპანიაც ფიქრობს გაფართოებაზე. ეს ზოგადი ტენდენციაა ქვეყანაში და ეს ძალიან გვახარებს“, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი მთავრობის ყველა იმ ნაბიჯსა თუ რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებას.