13.მაისი .2020 08:20

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" საქართველოს ეროვნულ ბანკს პასუხობს

views 7448
უკან

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს.  GHG აღნიშნავს, რომ სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს კომპანია ცდილობს, რომ კრიზისული ვითარებით ისარგებლოს და რეგულაციების მოთხოვნების დარღვევით მიიღოს დაფინანსება "საქართველოს ბანკისგან" ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს. GHG აცხადებს, რომ სებ-ის მიერ გაკეთებული ამგვარი ინტერპრეტაცია ყოვლად მიუღებელია. 

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის განცხადება:

"საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში მოყვანილი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ „საქართველოს ჯანდაცვს ჯგუფი“ ითხოვდა რაიმე სახის შეღავათს და/ან რაიმე რეგულაციური მოთხოვნის დარღვევას და ამ გზით საბანკო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას, ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს და ვისურვებდით, საზოგადოებას უტყუარი და არა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიწოდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან.

იმდენად, რამდენადაც „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, ჩვენთვის სრულიად უცნობი მიზეზების გამო, დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ მსხვილ ქართული ბანკთან დაკავშირებულ პირად, აღნიშნულის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლიმიტაციების გათვალისწინებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ და ამ ჯგუფში შემავალი ჯანდაცვის კომპანიები ხსენებული ბანკის საკრედიტო რესურსებით სრულფასოვნად დღემდე ვერ სარგებლობენ. კომპანიის ლიკვიდობის უზრუნველყოფა, მით უფრო, კრიზისული პერიოდების დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია საქმიანობის უწყვეტობისთვის. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინაშე დაისვა ლეგიტიმური შეკითხვა, პასუხი და განმარტება მიგვეღო, თუ რა კანონიერი საფუძველი უდევს ჩვენი ჯგუფის ზემოხსენებულ ბანკთან დაკავშირებულ პირად მიჩნევას, ხოლო, თუკი აღნიშნულის კანონიერი დასაბუთება არ არსებობს, მაშინ, მოგვხსნოდა შეზღუდვა და მოგვცემოდა სრულფასოვანი წვდომა ამ ბანკის საბანკო რესურსებზე. აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარი არა ახალი დამატებითი კრედიტის მიღებაზე, არამედ არსებული სესხის რესტრუქტურიზაციაზე გახლდათ, რაც, ასევე, შეზღუდული გვქონდა. თუმცა, ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან დასაბუთებული პოზიცია და პასუხი, მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა, სამწუხაროდ, არ მიგვიღია. მიღებული იქნა მხოლოდ ის პასუხი, რომ ჩვენთვის ამ ტიპის განმარტების მოცემა ვერ მოხდებოდა, რადგან ჩვენ, მოცემულ შემთხვევაში, მიჩნეული ვართ მესამე პირად.

დარწმუნებული ვართ, საქართველოს ეროვნული ბანკი, კარგად აცნობიერებს საქმიანი რეპუტაციის მნიშვნელობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან თავისი განცხადებით, ჩვენ კანონიერ მიმართვებს იმგვარი ინტერპრეტაცია მისცა, თითქოს, ჩვენი მხარე შექმნილი ვითარებით სარგებლობას ცდილობდა, რაც, ასევე, ყოვლად მიუღებელი, საკუთარი თავის მართლების მიზნით, გამოყენებული მადისკრედიტირებელი განაცხადია."

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა