28.სექტემბერი .2020 09:30

"საქართველოს კერძო სექტორისთვის $1.5 მილიარდი მოვიზიდეთ" - ივანე მაჭავარიანი

views 376
უკან

“$1.5 მილიარდის რესურსის მოზიდვა მოხდა საქართველოს კერძო სექტორისთვისაც IFI-ებიდან, რაც საფინანსო სექტორში მიიმართება,”- გადაცემა “Forbes-ის კვირაში” განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ჯამურად საქართველოს კერძო და საჯარო სექტორმა დონორებისგან 3 მილიარდ დოლარამდე მოცულობის დაფინანსება მოიპოვა.

მთავრობის მიერ აღებული ახალი საგარეო ვალის შესახებ საუბრისას კი მაჭავარიანმა თქვა, რომ $1.6-მილიარდიანი პაკეტიდან, რომელსაც საქართველოს მთავრობა პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად იღებს, $1.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ხელშეკრულებებზე ხელი უკვე მოწერილია. მინისტრის თქმით, დანარჩენი $400 მილიონის სასესხო შეთანხმებების რატიფიკაციას სავარაუდოდ შემდგომი მოწვევის პარლამეტი მოახდენს.

“ამ მომენტისთვის 1.2 მილიარდ დოლარზე მეტზე უკვე ხელი მოწერილია და დაახლოებით $400 მილიონი დოლარის რესურსის შესახებ უკვე პრაქტიკულად მოლაპარაკებები დასრულებულია და რატიფიცირებები დაიწყება. შეიძლება ახალ პარლამენტს მოუწიოს პირველივე სესიაზე მათი რატიფიცირება. შესაბამისად ეს არის $1.6 მილიარდი დოლარის მიდამოში,” - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, სწორედ ეს თანხა არის გარანტი იმისთვის, რათა 2020 და 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტით დაგეგმილი არცერთი მნიშვნელოვანი პროექტისა და პროგრამის შეფერხება არ მოხდეს.

“მე მინდა გითხრათ, რომ ფისკალურად მშვიდად ვართ და დაცულები ვართ, როგორც 2020-ში, ასევე 2021 წელსაც. დაცულობა ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა იმ მთავარ, მიმდინარე პროექტს და ახალ დაანონსებულ პროექტს, როგორიცაა მაგალითად პენსიების მატება, ინდექსაციის მეშვეობით, ამ პროექტებს არაფერი არ ემუქრება. არც პენსიებს და არც სოციალური ვალდებულებების და სხვა პროგრამების შესრულებას არ ემუქრება არაფერი. ასევე არაფერი არ ემუქრება არცერთ მეტნაკლებად მსხვილ, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაზეც უკვე ვალდებულება გვაქვს აღებული და რომელთა განხორციელებაც უკვე იმპლემენტაციის პროცესშია, ან დაგეგმილია და გაისად უნდა დავიწყოთ მისი განხორციელება. ამ ნაწილში დაგვეხმარება ის ფინანსები რაც მოვიპოვეთ და მოვიპოვეთ მეტობით,”- აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

ახალი საგარეო ვალდებულებების აღების შედეგად, 2020 წელს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის 55%-ს მიაღწევს, ხოლო მიმდინარე წელს კი ბიუჯეტის დეფიციტი 8%-მდე იზრდება. ივანე მაჭავარიანის თქმით, დეფიციტი 2021 წლისთვის 5%-იან ნიშნულზე იგეგმება, 2023 წლიდან კი ის 3%-ს უნდა დაუბრუნდეს.

ივანე მაჭავარიანი "Forbes-ის კვირაში"


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა